ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკოკლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის
„შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამოფენა და დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები, კონკურსის მონაწილეები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საქართველოს სკოლის მოსწავლეების მიერ ნარჩენებისგან შექმნილი საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხეების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შესარჩევი ეტაპების შედეგად გამოვლენილი 53 ნაშრომი. კონკურსში სულ საქართველოს 211 სკოლის 761 ნამუშევარი მონაწილეობდა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს - მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლებს პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
თსუ პროფესორის, თსუ ეკოკლუბის ხელმძღვანელის
გიორგი დვალაშვილის განცხადებით,
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეშვიდე წელია ფუნქციონირებს საბავშვო უნივერსიტეტი. საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად თსუ ეკო კლუბი უკვე სამი წელია გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. წლევანდელი თემა იყო ნარჩენებისგან შექმნილიყო ნაძვის ხეები და საახალწლოდ დაგვეცვა მუქ-წიწვოვანი მცენარეები, რომელიც სამწუხაროდ დიდი რაოდენობით ნადგურდება. ჩვენთვის საინტერესო იყო, რომ კონკურსში დაბალი კლასების მოსწავლეები ჩაერთვნენ, აბსოლუტურად ყველა სკოლაში იყო საახალწლო სამზადისი და ძალიან ორიგინალური ნაშრომები შეიქმნა, რომელიც უნივერსიტეტში გამოვფინეთ. ამით ბავშვებს ეკოლოგიური ცნობიერება ჩამოუყალიბდათ. იმედი გვაქვს ეს ბავშვები გაიზრდებიან ბუნების დამცველები და იზრუნებენ გარემოზე.“
„როდესაც გავიგეთ, რომ ასეთი ღონისძიება ტარდებოდა, რა თქმა უნდა გაგვიხარდა და მოვედით იმ განცდით, რომ არაჩვეულებრივი, სასიხარულო რამ იქნებოდა. თუმცა, ნანახმა გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს. ვფიქრობ რომ ის ინოვაციურობა, ფანტაზია, რომელიც გამოამჟღავნეს ბავშვებმა, არის უპრეცენდენტო. საქართველოში ადამიანების, ახალგაზრდების პოტენციალი უშრეტია. ჩვენ ამ პროექტით მოვუწოდეთ ყველას, რომ შეწყვიტონ ნაძვების გაჩეხვა საახალწლოდ და გამოიყენონ ალტერნატიული მიდგომები. ახალი თაობა ფიქრობს განსხვავებულად, ინოვაციურად და, ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება,“- აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ
თეიმურაზ მურღულიამ.
„ძალიან მიხარია, რომ მივიღე ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მიხარია ისიც რომ გავიმარჯვე. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ მოეწონათ ჩემი ნაძვის ხე. ყველას ვუსურვებ დიდ წარმატებას,“-აღნიშნა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა
კაროლინა აკობიამ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლო. კონკურსის მიზანია საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება. საამისოდ კონკურსის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეები წაეხალისებინათ და ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა შეეთავაზებინათ. მოსწავლეებს ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან უნდა დაემზადებინათ. საამისოდ მათ უნდა გამოეყენებინათ ყველაფერი - ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა. მასალა შეიძლება ყოფილიყო: მაკულატურა, პოლიეთილენი, ლითონი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა.
შექმნილი ნაძვის ხეების ამსახველი ფოტოსურათები მოსწავლეებს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე ან ეკოკლუბის ფეისბუკის გვერდზე უნდა გამოეგზავნათ. კონკურსში შემდეგი რეგიონების, ქალაქებისა და რაიონების სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა: აბაშის, აფხაზეთის, ბათუმის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ჩოხატაურის, ფოთის, ქუთაისის, ქობულეთის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ახალქალაქის, გორის, გურჯაანის, დმანისის, დუშეთის, თბილისის, კასპის, თიანეთის, ნინოწმინდის, საგრეჯოს, სიღნაღის, რუსთავის, ქარელის, ხაშურის. აგრეთვე, კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ქარძმანისა და სინაგურის მოსწავლეებმა, რომლებიც სოფელ პერევის საჯარო სკოლაში სწავლობენ.