5 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის
„ნაფიცი მსაჯული 3“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა პროექტის პრეზენტაცია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) 30 წლის და ელსა საქართველოს 3 წლის იუბილეს მიუძღვნეს.
პრეზენტაციას თსუ–ის პრორექტორი
ლევან ალექსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
კონსტანტინე კუბლაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე
დავით საყვარელიძე დაესწრნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაფიცმსაჯულთა სისტემის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების პროცესში სტუდენტები ასე აქტიურად არიან ჩაბმულნი. ხალხმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები, იმისთვის, რომ შეძლოს მათი დაცვა, ამასთან ხალხი აქტიურად ერთვება გადაწყვეტილების მიღებაში და ესეც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მსურს, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ასევე აქტიურად განაგრძონ მოღვაწეობა, ეს მათ მეტ გამოცდილებას შესძენს“, – აღნიშნა თსუ–ის პრორექტორმა ლევან ალექსიძემ.
აღნიშნული პროექტი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ იმიტირებული პროცესების ჩემპიონატია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტური თვითმმართველობის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ქალაქ თბილისის მერიის პარტნიორობით 2008–2009 წლებში მასშტაბური პროექტის პირველი და მეორე გამოშვება განხორციელდა.
„პროექტის მთავარი მიზანი საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობაა, ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ელსა საქართველოს წარმომადგენლებთან და მათი ინიციატივების აქტიური მხარდამჭერები ვართ, რადგანაც სწორედ მსგავსი პროექტები უზრუნველყოფს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას და იმ სისტემისთვის მზადყოფნას, რომელიც უფლებებთან ერთად მეტ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, მსურს წარმატება ვუსურვო ამ ახალგაზრდებს“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.
პროექტში მონაწილეობას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა იურისტები მიიღებენ. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, მონაწილეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და გორის სარეგისტრაციო ზონაში, სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით.
მონაწილეთა შერჩევა გუნდური პრინციპით მოხდება. თბილისში დარეგისტრირებული მსურველებისათვის ტესტირება (წერითი ეტაპი ჩატარდება მხოლოდ თბილისის სარეგისტრაციო ზონაში) 20 მაისს, ხოლო გასაუბრება ქუთაისსა და გორში – 14 მაისს, ბათუმში – 22 მაისს, ხოლო თბილისში – 28 მაისს ჩატარდება. შერჩეულ მონაწილეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი. შეირჩევა 8 გუნდი (სულ 24 მონაწილე, აქედან 5 გუნდი თბილისიდან, ხოლო 1 გუნდი ყველა რაიონიდან). შერჩეული მონაწილეებისათვის ივნისის დასაწყისში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარებაც.
სამოტივაციო წერილისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით 100–მდე ნაფიცი მსაჯული შეირჩევა. მონაწილეობის მიღება იურიდიული და ფსიქოლოგიური პროფესიების წარმომადგენლების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ექსპერტების და ბრალდებულების როლისათვის მონაწილეებს თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტიდან მოიწვევენ.
საერთო ჯამში 7 პროცესი ჩატარდება. 4 შესარჩევი პროცესი 12 ივნისს გაიმართება. ნახევარფინალები 18 და 19 ივნისს, ხოლო 2 ივლისს – ფინალური პროცესია დაგეგმილი. თითოეული ეტაპის და პროექტის საბოლოო გამარჯვებული გუნდი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოვლინდება.
პროექტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი), შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ბათუმი) და გორის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება.