2011-05-24

კავკასიური წიგნის გამოფენა

23 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი ღონისძიება _ კავკასიური წიგნის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოადგინეს თსუ-ის ბიბლიოთეკაში დაცული კავკასიოლოგიის მიმართულების რარიტეტული გამოცემები, კავკასიოლოგიის ფუძემდებელთა _ არნოლდ ჩიქობავასა და გიორგი ახვლედიანის, ასევე თსუ-ის გამომცემლობის მიერ ბოლო დროს გამოშვებული სახელმძღვანელო და სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის წიგნები.  აგრეთვე, მოეწყო ფოტოგამოფენა – "კავკასიელი ხალხების ეროვნული სამოსი“.

კავკასიური წიგნის გამოფენა  თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნა.

„უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ამ განძის შეგროვება, არამედ მისი საზოგადოებამდე მიტანა. მოხარული ვარ, რომ აღნიშნულმა გამოფენამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიცოდეთ რას ვფლობთ და როგორი მრავალფეროვანია ეს ჩვენი სიმდიდრე“, – განაცხადა თსუ–ის რექტორმა.

თსუ-ის დაარსების დღიდან უნივერსიტეტში შეიქმნა კავკასიური ენების ცენტრი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა როგორც კავკასიური ენების, ასევე მთლიანად კავკასიოლოგიის მეცნიერულ შესწავლაში. უნივერსიტეტში დღეს მოქმედი კავკასიოლოგიის ინსტიტუტი რეგიონში კავკასიოლოგიის შესწავლის ცენტრია.

 “საქართველოში    კავკასიოლოგიის  ძლიერი სამეცნიერო სკოლის დაფუძნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  უკავშირდება.  ინტერესი და ყურადღება კავკასიური პრობლემატიკის  მიმართ უკვე უნივერსიტეტის დაარსების იდეაში იყო ჩადებული.  შემთხვევითი არ არის, რომ გამოფენა საქართველოს პარლამენტში იმართება, რადგან დღეს სწორედ პარლამენტში ხდება კავკასიელ ხალხებთან ახალი ურთიერთობების კონსტრუირება”, - აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა.

ღონისძიებას  პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიგი წერეთელი, პარლამენტარები, საქართველოში მოღვაწე კავკასიოლოგები, ჩრდილო კავკასიელ ხალხთა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე