2014-05-05

შემეცნებითი პროექტის „თაობა L”-ის გამარჯვებული გამოვლინდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებით-ლიტერატურული კონკურსის "თაობა L"-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტში 400-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.  პროექტის კონსულტანტმა ლევან ბერძენშვილმა გამოავლინა გამარჯვებული - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ანანო ასპანიძე, რომელსაც პროექტის პარტნიორის - გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებული მთავარი პრიზი გადაეცა.
„კონკურსში მონაწილეობა მივიღე, რადგან ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ძალიან მინდოდა გამარჯვება, ძალიან განვიცდიდი. მიხარია, რომ გავიმარჯვე და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. პრიზად ავირჩიე 1000 ლარი, რადგან სასაჩუქრე წიგნების უმეტესობა უკვე მაქვს, ამ თანხით სხვა წიგნებს შევიძენ,“- აღნიშნა კონკურსის გამარჯვებულმა ანანო ასპანიძემ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას გამომცემლობებთან, განსაკუთრებით იმ გამომცემლობებთან, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას გამოსცემენ. ეს პროექტი  ჩვენი სტუდენტების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მხარდამჭერია პალიტრა L. პროექტი მართლაც  შესანიშნავია,  ჩვენი ინტერესია  - რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩაერთოს მსგავს ღონისძიებებში.“
„მკითხველთა რიცხვი ქვეყანაში,  სამწუხაროდ, არ იზრდება. ჩვენ გვაღელვებს  არა ის, რომ მკითხველთა რიცხვი იკლებს, არამედ ის, რომ კითხვის სტრუქტურა შეიცვალა - აღარ კითხულობენ მხატვრულ წიგნებს. ამ პროექტით გვინდა ახალგაზრდების ყურადღება მივიქციოთ. ასეთ კონკურსებს დიდი აზრი აქვს - გამოვლინდნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ ეს მიდრეკილება, რომ კარგ რამედ ითვლებოდეს მხატვრული ცოდნა. განათლება ისეთი რამ არის, რომელიც ვერასოდეს გაექცევა გამოგონილ სამყაროს. მიხარია, რომ ამ კონკურსში გვყავს ძალიან სიმპათიური გამარჯვებული და დარწმუნებული ვარ ამ კონკურსს ექნება გაგრძელება,“-აღნიშნა კონკურსის კონსულტანტმა, პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა.
„გამომცემლობა პალიტრა L, როგორც წესი, ხელს უწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას საზოგადოებაში, მათ შორის აქტიურად მუშაობს სტუდენტებთან ამ კუთხით. ამ შემთხვევეში თსუ-ს და გამომცემლობა პალიტრა L- ის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს , რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ განვითარდა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. არ ველოდით ამდენი სტუდენტის დაინტერესებას,“ - განაცხადა გამომცემლობა პალიტრა L- ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა კევლიშვილმა.
გამარჯვებულისთვის დაწესებული იყო პრიზი 1000 ლარი ან წიგნის თარო 100 წიგნით იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალურ პრიზები პროექტის ყველა ფინალისტმა მიიღო.
Print

« იხ. ყველა სიახლე