ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2015 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიას თსუ რექტორი, აკადმიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორმა
ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილებს ბაკალავრიატის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა:
„უნივერსიტეტის იდეა უკვდავია; უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება თქვენთან ერთად. იყო უნივერსიტეტელი - ეს გარკვეული პასუხისმგებლობაა ყოფილი და მომავალი თაობების წინაშე. თქვენ ხართ ამ ეპოქის უნივერსიტეტის სახე. სადაც არ უნდა იყოთ, უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით!“
„ის, რომ თქვენ დღეს ბაკალავრიატი დაამთავრეთ, ეს თქვენი მომავალი წარმატების საწინდარია. საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის განათლებაა. არ მოწყდეთ უნივერსიტეტს, გააიღრმავეთ ცოდნა!“- მიმართა ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
თამარ სანიკიძემ.
„უნივერსიტეტში გატარებულმა ოთხმა წელმა ძალიან დიდი ცვლილებები და სიახლეები შეიტანა ჩემს ცხოვრებაში როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. მიხარია, რომ ძალიან ბევრი განათლებული და განსხვავებული მისწრაფებების ადამიანი გავიცანი. ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვებ წარმატებებს, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის ჯეროვნად გამოყენებას და, რაც მთავარია, მშვიდობიან და მოწესრიგებულ სამშობლოში ცხოვრებას, რაც დიდწილად ჩვენზე - ახალგაზრდებზეა დამოკიდებული,“- განაცხადა თსუ ბაკალავრიატის ერთ-ერთმა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა
ანა შარაშენიძემ.
თსუ ბაკალავრიატი 2015 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. მათ შორის 2014 წელს შექმნილმა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა პირველი გამოშვება იზეიმა.
ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის მუსიკალურმა ჯგუფმა „ნიუტონმა“ კონცერტი გამართა.
თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015-2016 სასწავლო წელს 3635 პირველკურსელს მიიღებს.