2011-05-03

ივანე ჯავახიშვილის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია

3 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯავახიშვილის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენცია ორდღიანია და რამდენიმე სექციას მოიცავს. 3 მაისს I სექცია  არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის თემებს მიეძღვნა. მეორე სექცია ისტორიას დაეთმო და მას თსუ–ის უხუცესი პროფესორი, ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე წარუძღვა. დარჩენილ ორ სექციაზე მოხსენებები ქართველოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის შესახებ  გაკეთდა.

„სიმბოლურია, რომ კონფერენცია ქართველოლოგიის საკითხისადმი მიძღვნილი მოხსენებებით გაიხსნა. ივანე ჯავახიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხების შესწავლისა და დაცვისათვის. ყველა ის შრომა, რომელიც დღეს  წარადგინეს ჩვენი გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში და შემდგომი სამეცნიერო მუშაობის განსაზღვრაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ისტორიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ.

კონფერენციის მეორე დღეს, 4 მაისს აღნიშნულ სექციებს ფილოსოფია დაემატება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად მოხსენებებით ახალი ფსიქოლოგიური და სოცი¬ოლოგი¬ური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები წარსდგებიან.

კონფერენციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გამოფენაც გაიხსნა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის პირად ფოტოარქივს და ნივთებს, ასევე ხელნაწერებსა და მისი მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტებს მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებები უნივერსიტეტის დამაარსებლის საიუბილეო წელიწადის ფარგლებში ხორციელდება.

„ჩვენ ავღნიშნავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუძემდებლის, დიდი ქართველი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის 135 წლის იუბილეს. ღონისძიებების ციკლს სტუდენტური კონფერენცია განაგრძობს, რომელიც ასევე მაისის თვეშია დაგეგმილი, ხოლო იუბილის შემაჯამებელი საზეიმო სხდომა უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებულ პირველ კორპუსში გაიმართება“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე