ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომელიც ძვ. წ. XI-X საუკუნეებით თარიღდება. გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე ახალი არტეფაქტები დაათვალიერეს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
დარეჯან თვალთვაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
ალექსანდრე ჯეჯელავამ.
გრაკლიანში საველე სამუშაოების წარმოებისას იმ ტაძარში, სადაც ჯერ კიდევ უცნობი დამწერლობის ნიმუშებია შემორჩენილი, უშუალოდ ცენტრალური წარწერის წინ, აღმოჩნდა თიხის კონსტრუქცია, რომელსაც ვერძის თავის სკულპტურული გამოსახულება აგვირგვინებს. ხოლო მისი ძირითადი ნაწილი უკავია გეომეტრიული სახის მქონე თიხაზე ამოკვეთილ გამოსახულებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის ვარაუდით ეს შეიძლება იყოს დეკორის ნაწილი ან მაგიური დანიშნულების სტელა. ექსპედიციის ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იგი საკულტო დანიშნულებისაა, რადგან ტაძრის ცენტრალურ ნაწილში საკურთხევლის წინ იყო აღმართული.
,,ძვ.წ. XI-X საუკუნის პერიოდის ნებისმიერი აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კონკრეტულად საქმე გვაქვს ორ სხვადასხვა დამწერლობასთან, რომელიც აღმოაჩინეს 2015-ში. ახლა კი საუბარია, სრულიად ახალი ტიპის ხელოვნების ნიმუშთან. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კონტექსტში და რომ ჩვენი ალმა მატერი და წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში მსოფლიო კლასს ინარჩუნებს,’’ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
ალექსანდრე ჯეჯელავამ.
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით თსუ სტუდენტებთან ერთად უკვე მეცხრე წელია მიმდინარეობს ექსპედიცია. დღეს განსაკუთრებით გახარებულები ვართ იმიტომ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა დაფიქსირდა და იმედი გვაქვს, კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის გრაკლიანი გორა ჩვენი მეცნიერებისათვის’’, - განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
დარეჯან თვალთვაძემ.
თსუ პროფესორ
ვახტანგ ლიჩელის აზრით,
,,ეს აღმოჩენა არის კიდევ ერთი მოულოდნელობა, რომელიც გრაკლიანი გორამ შემოგვთავაზა. საზოგადოებისათვის უკვე კარგად ნაცნობ წარწერებიან ტაძარში ცენტრარულ ტაძართან აღმოჩნდა საკმაოდ უცნაური, პირობითად რომ ვუწოდოთ სტელა. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საკულტო მაგიური დანიშნულების კიდევ ერთ გამოსახულებასთან, რომელსაც ღრმა შინაარსი უნდა ქონდეს’’.
გრაკლიანზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს მხარს უჭერს და აფინანსებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი) თსუ არქეოლოგებმა გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2015 წელს გრაკლიან გორაზე აღმოჩნდა წარწერა, რომელმაც, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის პოსტამენტზე გაკეთებული აქამდე უცნობი დამწერლობით შესრულებული წარწერა მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიამ ძვ. წ. XI-X საუკუნეებით დაათარიღა. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარი ცივილიზაციების ელიტაში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე.