ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-26

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET – აისეტი) გამოსაშვებ ღონისძიებაში თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, სტუდენტებმა, მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა. 
აისეტში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება მიიღო 35-მა სტუდენტმა. მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტები დაჯილდოვდნენ Summa cum laude (სუმა კუმ ლაუდე) და Cum laude (კუმ ლაუდე) დიპლომებით, სპეციალური სერტიფიკატები მიიღეს საუკეთესო თეზისების ავტორმა სტუდენტებმა,  ხოლო ISET-ის 2015 წლის კლასის ლიდერს ირაკლი შალიკაშვილს  გადაეცა ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი. 
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ეს პროექტი იმდენად წარმატებულია, რომ ვფიქრობთ ამ პროექტის გაფართოებას. აისეტის პროგრამა არა მხოლოდ სამაგისტრო იყოს, არამედ ბაკალავრიატი და დოქტორანტურაც დაემატოს. ანუ სამივე საფეხური მოიცვას და ამით გაჩნდება სრულფასოვანი ინგლისურენოვანი პროგრამა ეკონომისტის მოსამზადებლად.“ თსუ რექტორმა „საუკეთესო თეზისების ავტორის“ სერტიფიკატი გადასცა აისეტის კურსდამთვრებულს არჩილ დვალაშვილს.
„აისეტის პროგრამა რეგიონში მართლაც საუკეთესო სამაგისტრო ეკონომიკური პროგრამაა. მიხარია, რომ კურსდამთავრებულებს შორის ბევრი ჩემი სტუდენტია. მათ წარმატებით დაასრულეს კურსი და იმედი მაქვს, რომ ისინი საქართველოს  და თავიანთი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იზრუნებენ და არ დაზოგავენ ძალასა და ენერგიას,“- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„მე აისეტის მეცხრე გამოშვება ვარ. ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი დღეა - გავხდი ეკონომიკის მაგისტრი და აისეტის ოჯახის და ქსელის წევრი“,- განაცხადა აისეტის კურსდამთავრებულმა ნინო თედორაძემ, რომელსაც პროფესორის საუკეთესო ასისტენტობისთვის სერტიფიკატი გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აისეტის სტუდენტებს, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ ივლიტა ჯიბუტს და მარიამ ქუთელიას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ივლიტა ჯიბუტის სერტიფიკატი „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკისთვის“ გადასცა ივლიტა ჯიბუტის ოჯახს.   თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ცნობილი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილი საათი და საუკეთესო ბიზნესმენის სერტიფიკატი გადასცა ატრაკ ვოსკანიანს სომხეთში „USA To Yerevan“-ის დაფუძნებისთვის.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა განაგრძონ ნიუ-იორკის, სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და  დასავლეთის ქვეყნების სხვა უნივერსიტეტების დოქტორანტურაში. მიღებული გამოცდილების და ცოდნის შედეგად კურსდამთავრებულები სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე დასაქმდებიან.

Print

« იხ. ყველა სიახლე