2018-05-08

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ორგანოთა კონსერვაციის მეთოდები: დინამიკური და ჰისტომორფოლოგიური კვლევების ასპექტები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ორგანოთა კონსერვაციის მეთოდები: დინამიკური და ჰისტომორფოლოგიური კვლევების ასპექტები“ გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, კონფერენცია უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. " კონფერენციაზე ბევრი საინტერესო სამეცნიერო თემატიკა იყო წარმოდგენილი. ძალიან ინტენსიური დღე არის. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ცნობილი პროფესორები, ასევე გახსნა საქართველოში მორფოლოგიის დამფუძნებლების ორი ბიუსტი".

როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ აღნიშნა, კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარდა. "დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე და თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში. მოვისმინეთ მოხსენებები, მათ შორის ძალიან საიმედო კვლევის შედეგების თაოაზე, რაც სამომავლო კვლევებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ტოვებს".

კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა მედიცინის სფეროს ცნობილი წარმომადგენლების აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილისა და პროფესორ უჩა გაბუნიას ბიუსტები. ხოლო წარმატებული პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები მერაბ კილაძე, გია ლობჟანიძე და ვლადიმერ მარგველაშვილი თსუ რექტორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

"ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის საიუბულეო მედლით დაჯილდოება. სხვა ჯილდოებს შორის ეს ჯილდო ყველაზე მეტად ღირებული და საპატიოა ჩემთვის. უნივერსიტეტის სივრცეში მოიძებნება ძალიან ბევრი გამოჩენილი და ღირსეული პიროვნება, როგორც მედიცინის ფაკულტეტზე, ისე სხვა ფაკულტეტებზე. მე მომავალშიც შევეცდები არ დავიშურო ძალა და ენერგია და ჩემი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შევუწყო მედიცინის ფაკულტეტის და მთლიანად უნივერსიტეტის წინსვლას, განვითარებას და მომავალ წარმატებულ საქმიანობას",-აღნიშნა პროფესორმა მერაბ კილაძემ.


Print

« იხ. ყველა სიახლე