2012-02-03

შეთანხმება თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის

2 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა და საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, პირველად საქართველოში შესაძლებელი გახდება   სასწავლო ლიტერატურის იმ ავტორთა უფლებების დაცვა, რომელთა წიგნების ქსეროასლებით გამრავლება ხდება.
საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის ინფორმაციით, “ასეთი ხელშეკრულებებით საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ლეგალური მოხმარების კულტურის დანერგვა ხდება. პირატული წესით წიგნების ასლების გადაღება აფერხებს წიგნების გამოცემას, ასევე ნაწარმოების ავტორებს ართმევს შესაძლებლობას მიიღონ სათანადო შემოსავლები მათი ნაწარმოების რეალიზაციიდან.  მსგავსი შეთანხმებები სხვა უმაღლეს დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებთანაც გაფორმდება. სტუდენტებისთვის ქსეროასლის გადაღების საფასური არ გაიზრდება. თანხას უნივერსიტეტი გადაიხდის და იგი ქსეროქსით მომსახურების 0,3 პროცენტს შეადგენს. თანხა ასოციაციის მეშვეობით გადაუნაწილდება ავტორებს.~
 თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის განცხადებით, “სტუდენტები ხშირად იღებენ ფაკულტეტის ბიბლითეკაში არსებული წიგნების ასლებს. ამ საქმიანობიდან უნივერსიტეტი ასოციაციას გადაუხდის თანხას, რომელიც მიზერულია და წელიწადში 300-400 ლარს შეადგენს. ეს არის პირველი პრეცედენტი და იმედია, სხვა სასწავლო დაწესებულებებიც აუბამენ მხარს ამ ინიციატივას. ეს საქმე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას ემსახურება“.

Print

« იხ. ყველა სიახლე