2012-06-25

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გამომცემლობებს „არტლაინსსა“ და „დიოგენეს“ შორის

25 ივნისს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და  გამომცემლობებს „არტლაინსსა“ და „დიოგენეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, „არტლაინსი“ და „დიოგენე“ ყველა საინტერესო ახალი გამომცემლობის თითო-თითო ეგზემპლარს უსასყიდლოდ გადასცემს უნივერსიტეტს. თსუ სტუდენტებისა და პერსონალისთვის მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.
„თსუ ბიბლიოთეკას 5 გამომცემლობასთან ჰქონდა გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი. დღეს კიდევ ორი გამომცემლობა დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ახალი გამოცემებით შეივსება“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ავთანდილ ჩუთლაშვილმა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მოეწყო „არტლაინს“-ის მიერ გამოცემული წიგნის „გრიგოლ ლორთქიფანიძე“ პრეზენტაცია.  წიგნი  ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 და გარდაცვალებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა და ცნობილი ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. წიგნის ავტორის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელის დოდო ჭუმბურიძის განცხადებით, „აუცილებელია ახალგაზრდა თაობამ იცოდეს ღირსეული წინაპრის სამშობლოსადმი თავდადების შესახებ.  წიგნში გადმოცემულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო მომენტები.“
დოდო ჭუმბურიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელია. იგი ავტორია ისეთი ნაშრომებისა, როგორებიცაა: „ქართველი ხალხის ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლა  საუკუნის დასაწყისში, 1918–1921 წლები“, „აჭარის საკითხი 1918–1921 წლებში და ქართული საზოგადოებრივი აზრი“, „საქართველო–სომხეთის ურთიერთობა 1918–1921 წლებში და ქართული საზოგადოებრივი აზრი“, „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ და სხვა. მას ასევე  გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნარკვევი, წერილი თუ სტატია. ამჟამად იბეჭდება მისი 500–გვერდიანი მონოგრაფია სახელწოდებით „ ისტორიული პორტრეტები და წერილები; ალექსანდრე ბატონიშვილიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილამდე“.

Print

« იხ. ყველა სიახლე