ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველოლოგის, პროფესორ გურამ კარტოზიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, გურამ კარტოზიას ოჯახის წევრები, ახლობლები, თსუ პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„უნივერსიტეტი არ ივიწყებს და პატივს მიაგებს სასიქადულო ადამიანებს, რომელთაც საკუთარი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის ცხოვრებაში. უნივერსიტეტში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილია გურამ კარტოზიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, წიგნები. მნიშვნელოვანია, რომ ბატონი გურამის მოსწავლეები წარმატებულად აგრძელებენ მასწავლებლის საქმეს.“
„გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები პირადი არქივიდან, ხელნაწერები, წიგნები, რომელიც გურამ კარტოზიას მთელ ცხოვრებას ასახავს. მიხარია, რომ უნივერსიტეტში გაცოცხლდა და აღდგა ტრადიცია იმ ადამიანების პატივის მიგებისა, რომელთაც უნივერსიტეტის განვითარებაში გარკვეული როლი ითმაშეს,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, გურამ კარტოზიას შვილმა
ალექსანდრე კარტოზიამ.
ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმში მოეწყო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო პროფესორ გურამ კარტოზიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, ჯილდოები, პირადი ნივთები, წერილები, მისი ავტორობით გამოცემული წიგნები ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში - ქართველური ენების ფონეტიკა-ფონოლოგიაში, გრამატიკასა და ლექსიკოლოგიაში, რუსთველოლოგიასა და ტექსტოლოგიაში, ზეპირსიტყვიერებაში, ლექსიკოგრაფიაში; ასევე, „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მთავარი რედაქციის სხდომათა ოქმების ხელნაწერები (2011-2012 წლებში გამოიცა ორ წიგნად, რედაქტორი აკად. თამაზ გამყრელიძე), გასული საუკუნის 40-50-იან წლებში და შემდგომ კახეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და ლაზეთში, მათ შორის თურქეთის ლაზეთში, პროფესორ გურამ კარტოზიას მიერ გაკეთებული საექსპედიციო ჩანაწერები, რომელთაგან ნაწილი გამოუქვეყნებელია. გამოფენის შემდეგ გაიმართა საიუბილეო საღამო, რომელზეც შედგა ჟურნალ „ქართველოლოგიის“ (რედაქტორი აკად. მაგალი თოდუა) სპეციალური ნომრის პრეზენტაცია.
ქართველოლოგიის განვითარების დონე მნიშვნელოვნად განსაზღვრა პროფ. გურამ კარტოზიას შემაჯამებელი ხასიათის ნაშრომებმა: ტექსტოლოგიური გამოკვლევები (2004), ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში (2005), რომელიც თარგმნილია გერმანულ ენაზე ცნობილი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის, მიერ და მეგრულის ლინგვისტური ანალიზი (2010), რომელზეც სამეცნიერო პროექტის ფარგლებში მოწაფეებთან ერთად იმუშავა.