2014-10-02

საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო ლექცია თსუ-ში

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა ღია ლექცია თემაზე „პოლიტიკური იდეოლოგიები და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ტრანსფორმაცია საქართველოში.“ საჯარო ლექციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „მეცნიერება სამეცნიერო სემინარების გარეშე არ არსებობს, სადაც უნდა წარდგნენ  მეცნიერები და გააცნონ საზოგადოებას თავისი შეხედულებები. ამიტომ აღდგა სემინარები, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. მინდა რომ საზოგადოებაში იყოს დიდი დაინტერესება. საქართველოს ფინანსთა მინისტრი დღეს წარდგა მოხსენებით, რომელიც იყო ნაზავი თეორიის და პრაქტიკის. ვფიქრობთ, რომ ეს სემინარები გამოაცოცხლებს ეკონომიკურ აზრს და ყველა იმ მკვლევრის დაინტერესება იქნება მაღალი, ვინც მუშაობს ეკონომიკაში და ეკონომიკასთან დაახლოებულ საკითხებზე.“
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ჩემს კოლეგებთან, რომლებსაც ძალიან დიდი თეორიული გამოცდილება აქვთ. მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების გაზიარება და ჩვენი ხედვების მათთვის წარდგენა. მე მაქვს მრჩეველთა საბჭო, რომელშიც ბევრი ეკონომისტია, მაგრამ უფრო ფართო ფენებთან ჩვენი მოსაზრებების პირდაპირ რეჟიმში გაზიარება არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ მათგან ვიღებთ ძალიან ბევრ საინტერესო შენიშვნას, შეკითხვას, მოსაზრებას, რაც მოგვეხმარება ეკონომიკური პოლიტიკის სრულყოფის პროცესში,“-აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, თსუ პროფესორმა ნოდარ ხადურმა.
ლექცია თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" ფარგლებში გაიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე