ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 97 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უნივერსიტეტი
წმინდა გიორგის ოქროს ორდენით სამების საკათედრო ტაძარში დააჯილდოვა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით თსუ დაჯილდოვდა ახალგაზრდა თაობაში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისა და მათში ეროვნული სულისკვეთების განმტკიცებისათვის, ღრმა მეცნიერული აზროვნების დამკვიდრებისა და, ზოგადად, ქვეყნის წინსვლაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის. ორდენის ტარების უფლება აქვს მოქმედ რექტორს.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა თსუ პანთეონში თაიგულებით შეამკეს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საფლავები. შემდეგ გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელზეც უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დაჯილდოვდნენ თსუ ფაკულტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„უნივერსიტეტისთვის 97 წელი არც ისე ბევრია. მსოფლიოში მრავალი უნივერსიტეტია, რომელთა არსებობა საუკუნეებს ითვლის. თუმცა, თუ გავიხსენებთ ქართველი ერის ისტორიულ მისწრაფებას ცოდნის დაუფლებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის უნივერსიტეტი ბევრად უფრო ადრინდელია. უნივერსიტეტი ახორციელებს და წარმატებით ართმევს თავს იმ ამოცანებს, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დასახეს. წმინდა გიორგის ოქროს ორდენი ჩვენი თითოეული პროფესორისა და სტუდენტის, ჩვენი წინა თაობების დამსახურებაა. 25 წლის წინ, სწორედ 8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტონომია მიენიჭა. უნივერსიტეტი ყოველთვის დამოუკიდებელი უნდა იყოს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის განვითარებისთვის არის საჭირო.“
„თბილისის უნივერსიტეტი არასოდეს ყოფილა მხოლოდ უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი მაშინ დაარსდა, როცა ბოლშევიკური ხელისუფლება ჯერ დამყარებული არ იყო. ამან საშუალება მისცა, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო ქართული სასწავლებელი. საბჭოთა კავშირის დროს დაარსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის ახერხებდა ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებას,“- აღნიშნა თსუ ემერიტუს პროფესორმა
მარიამ ლორთქიფანიძემ.
1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ტფილისის უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
ახლადდაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–სასწავლო დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვოს ორმაგი აკადემიური ხარისხი.