ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-15

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის  დაწყება თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა მიულოცეს.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „დაიწყო ახალი სასწავლო წელი. ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას და, რა თქმა უნდა, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს. ჩვენს სტუდენტებს დღეს პირველკურსელებიც შეემატნენ. ჩვენ მზად ვართ, შევუქმნათ მათ ყველანაირი პირობა წარმატებული სწავლისათვის. ხოლო ნიჭიერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სამეცნიერო საქმიანობისათვის.“
„თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდით. გერქვას უნივერსიტეტელი და სწავლობდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთია და ეს სახელი სათანადოდ უნდა ატაროთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ეს კი პირდაპირ არის დაკავშირებული კვალიფიციური უმაღლესი განათლების მიღებასთან. ამიტომ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ თითოეული დღე,“- ასე მიულოცა სწავლის დაწყება პირველკურსელებს თბილისის მერმა, თსუ პროფესორმა დავით ნარმანიამ.
„დღეს ყველაზე ამაღელვებელი დღეა - პირველკურსელებისთვის იწყება აკადემიური კარიერა. უამრავი პერსპექტივაა თქვენს წინაშე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით კიდევ რამდენიმე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა დაფინანსდება. ეს კი პროფესიონალებად ჩამოყალიბების საშუალებას მოგცემთ. ეს თქვენი ბრწყინვალე სტუდენტური ცხოვრების დასაწყისია,“- სწავლის დაწყება მიულოცა სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.
თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ რექტორის სტიპენდიით დააჯილდოვა 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ანი ნაჩხატაშვილი; ჯილდო გადაეცათ სტუდენტების მიერ შერჩეულ 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგებს. საკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომისგან“ თსუ-ში ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი  ელენე გაბელაია ერთი წლის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას;  ექვსივე ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტებს თსუ-მ საჩუქრად გადასცა კომპიუტერული ტექნიკა; ხოლო გამომცემლობამ „პალიტრა L“ ექვსივე ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები დაასაჩუქრა წიგნებით და მკითხველთა კლუბის ბარათებით.
„ძალიან გამიხარდა, რომ რეიტინგებით პირველ ადგილზე ვარ. ბედნიერი ვარ, რომ გადმომეცა უნივერსიტეტისგან საჩუქრად პლანშეტი და ასევე სტიპენდია კომპანია „მაგთიკომისგან“. მომავალ აბიტურიენტებსაც წარმატებას ვუსურვებ,“- განაცხადა თსუ-ში ჩარიცხულმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა სტუდენტმა  ელენე გაბელაიამ.
ღონისძიებაზე თსუ-მ გამოაცხადა თსუ-სა და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" მეექვსე სეზონის დაწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 4000-მდე პირველკურსელი ისწავლის.  თსუ 6 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები. 2014/15 სასწავლო წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თსუ ლიდერია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტების რაოდენობითაც. თსუ ექვს ფაკულტეტს 2014 წლის ბოლოს მეშვიდე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი შეემატება.

Print

« იხ. ყველა სიახლე