2016-02-19

გამოფენა „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები საქართველოში“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი მასალები:საგაზეთო ამონარიდები, საარჩევნო მოწოდებები და პროგრამები, კანდიდატთა საარჩევნო პარტიული სიები და კარიკატურები, დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სხვადასხვა სამაზრო საოლქო კომისიების ოქმები,  კანდიდატთა წერილები და სხვა.
„1918 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა. სამწუხაროდ, ბევრისთვის ცნობილი არ არის რა მოხდა ისტორიულად, როგორ ჩატარდა არჩევნები, რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ, ამიტომ, ნებისმიერი ასეთი  ინფორმაცია არის ძალიან საინტერესო. დღეს უნივერსიტეტში ეწყობა პირველი არჩევნების შესახებ გამოფენა  და ვფიქრობ, ის მასალა, რომელიც წარმოდგენილია ამ გამოფენაზე და რომელსაც ფლობს უნივერსიტეტი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, არის საინტერესო“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ღონისძიებაზე წარმოდგენილი გვაქვს, როგორც უნივერსიტეტის ფონდში დაცული მასალები, ასევე ეროვნული არქივიდან მოწოდებული ფოტოები. გამოფენის მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ დამფუძნებელი კრების 1919 წლის საარჩევნო საქმიანობა და ის ღირებულებები, რაც მაშინდელ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს გააჩნდათ, რაც მემკვიდრეობითობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რანი ვიყავით საუკუნის წინ და რა პოლიტიკური გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამ კუთხით“-აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის გამგემ ირაკლი ირემაძემ.

ღონისძიება საქართველოს დამფუძნებელი  კრების 1919 წლის 16 თებერვლის საყოველთაო არჩევნების ჩატარებიდან 97 წლის იუბილეს მიეძღვნა.    

Print

« იხ. ყველა სიახლე