2013-07-12
მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონია თსუ-ში
![](/data/image_db_innova/PR/mshvidobis-korpusi.jpg)
ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ს საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მშვიდობის კორპუსის სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, აგრეთვე რეგიონული და ადგილობრივი თანამდებობის პირები, მასპინძელი ოჯახები, მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები და მოხალისეები ესწრებოდნენ.
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის
ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით,
„მშვიდობის კორპუსის მეცამეტე ჯგუფის წარმომადგენლებმა წარმატებით დაასრულეს წვრთნის პროგრამა და მზად არიან შეუდგნენ სამუშოს. მათ ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე დიდი სამსახური უნდა გასწიონ და ამავე დროს, დიდი წვლილი შეიტანონ საქართველოს მთავრობასა და ხალხთან ამერიკელი ხალხის დაახლოებაში. აშშ ერთგულია საკუთარი პრინციპების და მხარს უჭერს საქართველოს, რომელიც აგრძელებს დემოკრატიისკენ სვლას.“
„მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები ქართველ მასწავლებლებთან ერთად უსასყიდლოდ ასწავლიან ინგლისურ ენას რეგიონებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულია საქართველოს სოფლებსა და რაიონებში საერთაშორისო კომუნიკაციის ენის შესწავლის ხელშეწყობით. ეს პროგრამა ხელს უწყობს ამერიკელი და ქართველი ხალხების დაახლოებას, რადგან, სახალხო დიპლომატია დიპლომატიის ყველაზე კარგი ფორმაა. უახლოეს ხანში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მშვიდობის კორპუსს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც მშვიდობის კორპუსთან უფრო ღრმა ურთიერთობის საშუალებას მოგვცემს,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ
დავით ზურაბიშვილმა.
აშშ-ს მშვიდობის კორპუსი საქართველოში საქართველოს მთავრობის თხოვნით მოღვაწეობს და კვალიფიციური ადამიანური რესურსების მიწოდების გზით ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამა ასევე ხელს უწყობს ამერიკელი და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას. მშვიდობის კორპუსის პროგრამა საქართველოში 2001 წელს დაარსდა და მეცამეტე ჯგუფის ჩათვლით 500-მა მოხალისემ იმსახურა.
« იხ. ყველა სიახლე