2014-12-12

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის პრეზენტაცია თსუ-ში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.
თსუ  რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „მთელ მსოფლიოში დღეს აქტუალურია საკითხი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეზღუდულ უნართა მქონე პირთა ჩართულობასა და ზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი შრომითი საქმიანობის გააქტიურებას ეხება. ბუნებრივია, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია,  ამიტომ შევქმენით შესაბამისი კვლევითი ცენტრი, რომელმაც მიიღო სერიოზული გრანტი და ის იწყებს ფუნქციონირებას.“
„ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ფინანსური კუთხით ამ საკითხის თაობაზე, რაც შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, განსაკუთრებით ფსიქიური პრობლემების მქონე პირებს უკავშირდებოდა. ასეთი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ის ხალხია, ვინც ჩვენ გვერდით ცხოვრობს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავეხმაროთ ამ ხალხს საზოგადოებაში ინტეგრაციაში, რაც ხშირად ჩვეულებრივ ადამიანსაც კი უჭირს; იმაში, რომ მათ მხოლოდ ჩვენს გვერდით კი არა, ჩვენთან ერთად იცხოვრონ,“- აღნიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკიმ.
თსუ-ში ახალი სტრუქტურული ერთეულის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის პირველი პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება საქართველოში. გაკვეთილები პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის გამოცდილებიდან.“

Print

« იხ. ყველა სიახლე