2010-06-04

ქართულ–პოლონური საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

4 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონფერენციას სახელწოდებით "რომანტიზმი და თანამედროება; ქართულ-პოლონური ურთიერთობების სათავეები და პერსპექტივები" უმასპინძლა. კონფერენცია საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო  კავშირ "პოლონიას" მოღვაწეობის 15 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა.  მასშტაბური კონფერენცია პოლონურ-ქართულ პოლიტიკურ, ისტორიულ, ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთკავშირებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეები სამი სექციის – ლიტერატურისა და კულტურის, ისტორიისა და პოლიტოლოგიის, ასევე ვერბალური კომუნიკაციების შესახებ გაკეთებულ მოხსენებებს ისმენდნენ.

კონფერენციის გახსნას თსუ–ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა დაესწრნენ.

„კონფერენციის თემა ძალიან საინტერესოა, არ შეიძლება თავისუფლებისთვის მებრძოლი არ იყოს რომანტიული და იდეალისტი. ორივე ერი თავისუფლების იდეის მატარებელია და სამშობლოს სიყვარული ჩვენს ხალხს აერთიანებს. მეგობრობას გაფრთხილება სჭირდება, ამიტომაც კავშირ „პოლონია“–ს მსგავსი აქტიურობა ყოველთვის მისასალმებელია“, – აღნიშნა თსუ–ს რექტორმა გიორგი ხუბუამ.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. ქართველი და პოლონელი ხალხის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს, ეს სითბო ყოველთვის იგრძნობა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ინტელექტუალური კავშირის გამყარების მიზნით ასეთი მასშტაბური ღონისძიება ტარდება“, – განაცხადა კონფერენციის გახსნისას პოლონეთის ელჩმა ურშულა დოროშევსკამ.

საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "პოლონია" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის პროფესორის მარია ფილინას ხელმძღვანელობით 15 წლის განმავლობაში კავშირმა თსუ-ს ბაზაზე, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან და პოლონეთის რესპუბლიკის სენატთან ერთად,  7 სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა, რომლებშიც საქართველოს და პოლონეთის უნივერსიტეტების, მეცნიერებათა აკადემიების,  კონსერვატორიების, სამხატვრო აკადემიების წამყვანი მეცნიერები, მწერლები და კულტურის სხვა მოღვაწეები მონაწილეობდნენ.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე