ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-05

საქართველოს ქირურგთა I საერთაშორისო კლინიკური კონგრესი - „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ქირურგთა I საერთაშორისო კლინიკური კონგრესი „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, საქართველოს წამყვანი ქირურგები, საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეები, უცხოელი კოლეგები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, ქირურგთა საერთაშორისო კონგრესი არის კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება ქირურგებისთვის, რეზიდენტებისთვის და სტუდენტებისთვის ახალი ნოვაციების გაზიარებისთვის, საკუთარი ცოდნის და  კვალიფიკაციის  ამაღლებისთვის. „1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის დაარსებიდან, დასაბამი მიეცა უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორიას საქართველოში. დღეს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ექიმთა დიპლომის შემდგომი სპეციალიზაციის 11 პროგრამა, ინგლისურენოვანი პროგრამები, აქტიურად ვთანამშრომლოთ ბევრ უცხოურ უნივერსიტეტთან და კლინიკასთან. თბილისის სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ეს ფორუმიც კარგი საშუალებაა უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობისთვის, ინოვაციების წარმოჩენისთვის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა და დასძინა, რომ მომავალ წელს თსუ-ს იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების კიდევ ერთი კვლევითი ლაბორატორია შეემატება მედიცინის მიმართულებით.

„ჯანდაცვაში ფინანსური დაცულობის და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საკმარისი არ არის. ძალიან  მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექიმთა კვალიფიკაციას ენიჭება - მათ შორის, მომავალი ექიმების, სტუდენტების კვალიფიკაციას. უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ასეთი ტიპის კონგრესები. ეს იმის მაჩვენებელია, რამდენად დიდი დაინტერესებაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, კოლეგების მხრიდან საქართველოში მედიცინის განვითარების,“- განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

კონგრესის პრეზიდენტის, საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის, თსუ პროფესორის მერაბ კილაძის ინფორმაციით, გაიმართება სამუშაო პლენარული სესიები, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა ქირურგებს და სტუდენტებს აიმაღლონ კვალიფიკაცია, პროფესიული დონე, მოისმინონ სიახლეები დიაგნოსტიკის, ოპერაციების დარგში; დაიგეგმოს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, სტაჟირებები, ერთობლივი სადოქტორო პროგრამები, ერთობლივი ტრენინგები. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოში სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლებას. 

კონგრესის მონაწილის, დიდი ბრიტანეთის იმპერიალ კოლეჯის მთავარი ქირურგის ნადეი ჰაკიმის თქმით, კონგრესში ამ დარგის ბევრი ცნობილი და გამოჩენილი სპეციალისტი მონაწილეობს საქართველოდან და უცხოეთის ქვეყნებიდან. „ჩვენ შევძლებთ უკეთ დავინახოთ, თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ ამ დარგში და ასევე, მოხდება ევროპული გამოცდილების გაზიარება,“- აღნიშნა ნადეი ჰაკიმმა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ქართულ მხარესთან საკამაოდ წარმატებულია და ამ თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელი გახდება სტუდენტების მონაწილეობა ერთობლივ გაცვლით პროექტებში.

კონგრესის ორგანიზატორია საქართველოს  გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს ექიმთა ასოციაცია. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა, საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე, თსუ პროფესორი გია ლობჟანიძე. საქართველოს ქირურგთა I საერთაშორისო კლინიკურ კონგრესზე, რომელშიც ქართველ ქირურგებთან ერთად  მონაწილეობს 12 ქვეყნის წამყვანი უცხოელი სპეციალისტი, 3 დღის განმავლობაში განიხილება საკითხები ზოგად ქირურგიაში, სისხლძარღვთა ქირურგიაში, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, თავისა და კისრის ქირურგიაში, ქირურგიულ ონკოლოგიშია, ტრანსპლანტაციასა და ინტერვენციულ რადიოლოგიაში.

კონგრესის მსვლელობისას გამოიფინა თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნები, რომელიც საუკუნის მანძილზე ემსახურებოდა სამედიცინო განათლებას უნივერსიტეტში და ახალი გამოცემები; აგრეთვე, მედიცინის ფაკულტეტის დამფუძნებლებისა და ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოები.


Print

« იხ. ყველა სიახლე