ბეჭდვა |/ დახურვა
 
2009-01-12

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშობაო საჩუქარი ქართველ ბავშვებს

6 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ გამომცემლობის საბავშვო საიტის www.press.tsu.ge პრეზენტაცია შედეგა. საიტი ემსახურება მოზარდებში ქართული კულტურის, ხელოვნების, მწერლობის, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას, მის პოპულარიზაციას. ისინი მათთვის გასაგებ ენაზე, თამაშით, მოსმენით შეიმეცნებენ მიწოდებულ ინფორმაციას. საიტი ერთი წელია რაც არსებობს, პერიოდულად მიმდინარეობს მისი განახლება, წელს კი პრეზენტაციისთვის საგანგებოდ შეირჩა წინასაშობაო პერიოდი, რადგან შობა უდიდესი დღესასწაულია და მას ბავშვები განსაკუთრებულად ელოდებიან. ზღაპარი და სასწაული ამ დღის განსაკუთრებული ატრიბუტებია, ამიტომაც უნივერსიტეტის გამომცემლობამ ბავშვებისათვის ვაჟა-ფშაველას “საშობაო ამბავი” მოამზადა. საიტზე ბავშვები ბევრ საინტერესო ინფორმაციას, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, მწერლების, მხატვრების, მუსიკოსების შემოქმედებასა და სახალისო თამაშებს აღმოაჩენენ. საიტი განკუთვნილია 6 დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
თსუ-ს გამომცემლობის დირექტორის თათი ებრალიძის განმარტებით – უახლოეს მომავალში საიტზე განთავსდება 11 დან 13 წლამდე, 13 დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის საინტერესო ინფორმაცია.
უნივერსიტეტის გამომცემლობის ვებ-გვერდი საინტერესოა არა მარტო ბავშვებისათვის, არამედ იქ განთავსებულია აკადემიური, დარგობრივი, სამეცნიერო გამოცემები და ელექტრონული წიგნები.
Print

« იხ. ყველა სიახლე