2010-07-16

თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

15 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 700–მდე კურსდამთავრებულმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო და მანტია მოისხა. 150 წარჩინებული სტუდენტი უნივერსიტეტის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.

საზეიმო ღონისძიება თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. „მოხარული ვარ, რომ დღეს მათ ბედნიერ სახეებს ვხედავ. ისინი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ. 2006 წლიდან ფაკულტეტზე რეფორმები ხორციელდება და სტუდენტების ეს გამოშვება ამ რეფორმების დადებითი შედეგის მატარებელია. იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ღირსეულ ადგილს დაიკავებს და ქართული ეკონომიკის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს. მსურს ვუსურვო მათ წარმატება და წინსვლა. დღეს ჩვენ ვაცილებთ მათ ნაწილს და ველით ახალ თაობას, რომელიც უნივერსიტეტის კედლებში წარმატებული მომავლისთვის შესაბამის ცოდნას მიიღებს“, – აღნიშნა ფაკულტეტის დეკანმა ელენე ხარაბაძემ.

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ და მოწვეულმა სტუმრებმაც მიულოცეს.  საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების, წამყვანი ბიზნესკომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.












Print

« იხ. ყველა სიახლე