2012-02-03

სამეცნიერო კონფერენცია თსუ–ში – “უსაფრთხოება და დემოკრატია: ესპანეთი – საქართველო”

3 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ოლოფ პალმეს საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “უსაფრთხოება და დემოკრატია: ესპანეთი – საქართველო”.
კონფერენცია  თსუ იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულების მაგისტრანტებისთვის ჩატარდა.
ოლოფ პალმეს საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ანა ბალეტბომ  ესპანეთში ფრანკოს დიქტატურის შემდგომი გარდამავალი პერიოდისა და თანამედროვე საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური მდგომარეობის პარალელებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა გარდამავალი პერიოდის დემოკრატიისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. „დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის პრობლემებზე. ესპანეთმა ძალიან საინტერესო გზა გაიარა გარდამავალი პერიოდისა, იმისთვის რომ  შესულიყო ევროპულ ოჯახში. რა თქმა უნდა იყო დიდი პრობლემები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაძლია. საქართველოს დემოკრატიის განვითარების სწორი გზა აქვს არჩეული. ჩემი დაკვირვებით, საქართველოში რეფომები წარმატებით მიმდინარეობს“_ აღნიშნა ანა ბალეტბომ.
კონფერენციაზე საუბარი შეეხო ესპანეთისა და საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ორი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციებს, რომლებიც დაფუძნებულია ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებზე, განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს, ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
კონფერენციაზე ექსპერტებმა  წაიკითხეს მოხსენებები უსაფრთხოების გლობალურ პრობლემებზე, დემოკრატიისა და კონსტიტუციური რეფორმების საკითხებზე.
სამეცნიერო კონფერენცია “უსაფრთხოება და დემოკრატია: ესპანეთი – საქართველოს”  მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

Print

« იხ. ყველა სიახლე