2015-11-30

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეხვედრა თსუ-ში

1 დეკემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან, რომელთაც საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დაცული საჯარო მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების შესახებ მონაცემებს  გააცნობს და მათი ხელმისაწვდომობის საკითხსა და ბიზნეს-სტარტაპებისთვის გამოყენების გზებს განიხილავს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს პროექტს „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“, რომელიც მიზნად ისახავს ღია მონაცემების პორტალის, www.data.gov.ge-ს ფუნქციური ეფექტურობის გაზრდას. IDFI-ის გუნდი მონიტორინგს უწევს და აფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას, პროაქტიულობას, ეფექტურობას, სიცხადესა და გამოყენებადობის დონეს www.data.gov.ge ვებგვერდისთვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებაში.

ღია მონაცემების პორტალი - data.gov.ge საქართველოში რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. აღნიშნულ პორტალზე ეტაპობრივად, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, თავსდება საჯარო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზები. ღია მონაცემების პორტალი მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნოს სახელმწიფო მონაცემებს და მათი გამოყენებით შექმნას ინოვაციური აპლიკაციები, ბიზნეს პროექტები და ელექტრონული სერვისები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში IDFI იწყებს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. შეხვედრებს გაუძღვება ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი, რომელიც ისაუბრებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით და წარმოადგენს საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით IDFI-ის მიერ შექმნილ აპლიკაციებს.

მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.



Print

« იხ. ყველა სიახლე