2019-05-10

გაგრძელდა ვადა ნაშრომების მიღებაზე ჟურნალ „თსუ სამართლის მიმოხილვის“ 2019 წლის გამოცემისთვის

გაცნობებთ, რომ გაგრძელდა ვადა ნაშრომების მიღებაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის – „თსუ სამართლის მიმოხილვის“ (TSU LAW REVIEW) 2019 წლის გამოცემისთვის.

1. ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვთ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის/სემესტრის სტუდენტებს;

2. ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს მაქსიმუმ ორი თანაავტორი;

3. ჟურნალში დაბეჭდილი ნაშრომის ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მდგომარეობით;

4. ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;

5. ნაშრომი შეიძლება მომზადდეს სამართლის ნებისმიერი მიმართულებით, შემოთავაზებული შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში:

ა) სტატია; ბ) საკანონმდებლო ცვლილების ანალიზი; გ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი; დ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.

6. ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; ბ) რეზიუმე (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს; გ) ნაშრომის თემატიკის სფეროში შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (მისი გამცემი პირის ხელმოწერით), რომელიც გაცემულია ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ან სასწავლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული პირის მიერ;

7. ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;

8. ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, ქართული ტექსტი AcadNusx-ის, ხოლო, უცხოენოვანი – Times New Roman-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 12, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 10. სტრიქონებს შორის დაშორება – ერთი ინტერვალი;

9. ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს (იხ. დანართი N1), ხოლო რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან (იხ. დანართი N2);

10. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება რედაქციის მიერ სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე, ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით. რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები; მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ტექსტი ავტორ(ებ)ს არ უბრუნდება. ამასთან, რედაქციისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება;

11. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;

12. დოკუმენტების წარმოდგენა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტის მისამართზე – lawrev@tsu.ge (ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ იქნება განხილული).

იხ. ჟურნალის წინა გამოცემები 
იხ. ჟურნალის Facebook გვერდი 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად/კონსულტაციის გასავლელად მიმართეთ რედაქციას ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე