2012-02-27

საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტური სემინარი თბილისი-ბერლინი

ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის, პროგრამის - Netzwerk Ost-West - ფარგლებში 1996 წელს საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა გაცვლით იურიდიულ სემინარ – კონფერენციას, რომლის ხანგრძლივობა ორ კვირას შეადგენს. სემინარის პირველი ნაწილი ტარდება თბილისსა და ბათუმში, მეორე ნაწილი კი ბერლინში. სამეცნიერო ხასიათის გარდა, სემინარი შეიცავს მრავალ კულტურულ და გასართობ ღონისძიებას.
 
პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ათი სტუდენტი თსუ-დან და საქართველოს უნივერსიტეტიდან, ასევე ათი სტუდენტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან. მონაწილეები სამეცნიერო ხელმძღვანელების დახმარებით გერმანულ ენაზე ამუშავებენ კონკრეტულ თემებს, ძირითადად სისხლის სამართლის სფეროდან, ახდენენ მათ პრეზენტაციას, რაზეც იმართება დისკუსიები, ხდება ქართული და გერმანული სამართლებრივი ინსტიტუტების ურთიერთშედარება. სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები და ენიჭებათ კრედიტიები.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა შორის სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ყოველი სემინარი აქტუალურ და პრობლემურ სამართლებრივ საკითხებს ეძღვნება. სასემინარო თემების შერჩევა ხდება პროგრამის გერმანელი და ქართველი სამეცნიერო ხელმძღვანელების მიერ.

2012 წლისთვის ზოგად სასემინარო თემად განისაზღვრა “ტერორიზმი და ორგანიზებული დანაშაული – სისხლის პროცესუალურსამართლებრივი და კონსტიტუციურსამართლებრივი გამოწვევები” - „Terrorismus und Organisierte Kriminalität - Strafprozessuale und verfassungsrechtliche Herausforderungen.“

პროგრამაში მონაწილეობის ყველანაირი (დაგეგმილ ღონისძიებათა, სასტუმროს, ტრანსპორტის, კვების და სხვა) ხარჯი ფინანსდება პროგრამის მხარდამჭერი გერმანული ორგანიზაციების მიერ. ქართული მხარის მიერ პროგრამის სიმბოლურად ფინანსური მხარდაჭერისთვის კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილე სტუდენტები შენატანის სახით იხდიან მხოლოდ 60 ევროს, რომელიც მოხმარდება სემინარის ფარგლებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებას.
 

კონკურსანტებს მოეთხოვებათ:

•    გერმანული ენის კარგი ცოდნა, როგორც მეტყველების ისე წერის მხრივ
•    სისხლის სამართლის მატერიალური ნაწილისა და პროცესის ცოდნა
•    კომუნიკაბელურობა და ნაშრომის პრეზენტაციის უნარი
• კონკურსზე დაიშვებიან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ასევე დოქტორანტები.


ინფორმაცია საკონკურსო დოკუმენტებისა და კონკურსის ვადების შესახებ იხილეთ დანართში გერმანულ ენაზე.

კონტაქტი:
E-mail: berlin_tbilisi@yahoo.com

Print

« იხ. ყველა სიახლე