2017-09-25

ლექციებისა და სემინარების ციკლი მუზეუმების მენეჯმენტში

29 სექტემბერდან 13 ოქტომბრამდე, აშშ საელჩო თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ ლექციებისა და სემინარების  ციკლს მუზეუმების მენეჯმენტში, რომლებსაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები გამართავენ.

საქართველოს ეწვევა ნიუ იორკის მეტრეოპოლიტენ მუზეუმის საპატიო დირექტორი, ლეგენდარული საზოგადო მოღვაწე, მრავალი საპატიო ჯილდოს  მფლობელი ნიუ იორკის “ცოცხალ ღირშესანიშნაობად” აღიარებული ფილიპ დე მონტებელო.

ფილიპ დე მონტებელო, 31 წელი ხელმძღვანელობდა  მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ მეტროპოლიტენ მუზეუმს და მისი იქ მოღვაწეობა ოქროს ხანად არის მიჩნეული. მონტებელო ქართველი აუდიტორისთვის გამართავს საჯარო ლექციას, ასევე ჩაატარებს ორ სემინარს მუზეუმის თანამშრომლებისა და უნვერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის.

ამავე პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეწვევა ნიუ იორკის სახვითი ხელოვნების  ინსტიტუტის პროფესორი, ისლამური ხელოვნების ცნობილი მკვლევარი,  ფინბარი ბარი ფლადი, რომელიც მესტიის მუზეუმში წარუძღვება მრგვალ მაგიდას და წაიკითხავს საჯარო ლექციას.

მუზეუმების მენეჯმენტის პროგრამის მესამე სტუმარია მოდის დიზაინერი, დეკანის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი, კომპანია Shameeza Embroideries inc  პრეზიდენტი  შამინა ტალიახანი. მისი კომპანია, უკვე რამდენიმე ათეული წელია ინდოელი ხალხური ოსტატების ხელით ნაქარგობისა და ძვირფასი ქვებით მოოჭვილ დეტალებს ქმნის ისეთი ცნობილი მაღალი მოდის სახლებისთვის, როგორიცაა ვალენტინო, კრისტიან დიორი, რალფ ლორენი, კალვინ კლაინი, ანა კლეინი. შამინა ტალიახანი საჯარო ლექციას გამართავს, სადაც თავის მოღვაწეობასა და კარიერაზე ისაუბრებს.

საჯარო  ლექციებზე დასწრება თავისუფალია, სემინარებში  მონაწილეობა კი შეზღუდულია და მოითხოვს ინგლისური ენის კარგ ცოდნას.

გთავაზობთ ლექციებისა და  სემინარების ცხრილი იხილეთ ბმულის სახით.

Print

« იხ. ყველა სიახლე