ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-10-28

კონფერენცია - “ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება": ბუნების, ენებისა და კულტურათა კვლევის ჰუმბოლდტიანური გზები”

საერთაშორისო კონფერენცია “‘ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება’: ბუნების, ენებისა და კულტურათა კვლევის  ჰუმბოლდტიანური გზები”

31 ოქტომბერს-2 ნოემბერს საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბი მართავს წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციას Humboldt-Kolleg. ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt-Stiftung), რომლის დაფინანსებითაც ტარდება კონფერენცია, უმსხვილესი სამეცნიერო ფონდია გერმანიასა და მთელს ევროპაში.

საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი - ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატებისა და კვლევითი პრემიის ლაურეატების გაერთიანება - 27 წევრს ითვლის. კლუბის საპატიო პრეზიდენტია გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. კლუბის წევრებს შორის არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია, საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსი პროფესორი ლევან იზორია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი მერაბ ტურავა, სოხუმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი პროფესორი ჯონი აფაქიძე და საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე სხვა მეცნიერები. საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტია პროფესორი ალექსანდრე კარტოზია. 

კონფერენცია, ერთი მხრივ, გამოკვეთილად რეგიონალურია, რადგან მასში საქართველოს გარდა, მონაწილეობას იღებენ როგორც სამხრეთ კავკასიის (აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე შავი ზღვის აუზის (ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა) რეგიონების ყველა ქვეყნის წარმომადგენლები. მეორე მხრივ, კონფერენციაში მონაწილეობენ დასავლეთ ევროპის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), სამხრეთ ევროპისა (საბერძნეთი, სერბია) და აზიის (იაპონია, ინდოეთი) წარმომადგენლები. უცხოელ მონაწილეთა შორის ყველაზე წარმომადგენლობითი გერმანიიდან მოწვეულ მკვლევართა 11-კაციანი ჯგუფია. სულ კონფერენციას ჰყავს 85 მონაწილე 15 ქვეყნიდან. მათგან 30-ზე მეტი ახალგაზრდა მეცნიერია. 

კონფერენცია ეძღვნება ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის დაბადებიდან 250 წლის იუბილეს. ეს თარიღი საზეიმოდ აღინიშნება მთელს მსოფლიოში. კონფერენციის თემაა “ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება": ბუნების, ენებისა და კულტურათა კვლევის ჰუმბოლდტიანური გზები”.

კონფერენციის სათაურში გამოტანილი ციტატა აექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ცნობილი წიგნიდან (“კოსმოსი”) მიანიშნებს, რომ კონფერენციის ყურადღების ცენტრშია მსოფლიოს ბიოკულტურულ-ენობრივ-პოლიტიკური მრავალფეროვნება. კონფერენცია მულტიდისციპლინარულია, სამუშაო ენებია გერმანული და ინგლისური. კონფერენციის მონაწილეთათვის გათვალისწინებულია კულტურული პროგრამა.

კონფერენცია 31 ოქტომბერს დილით - 9.30 საათზე - საზეიმოდ გაიხსნება მწერლის სახლში და 2 ნოემბერს ნაშუადღევს - 13.00 საათზე - საზეიმოდ დაიხურება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. 

Print

« იხ. ყველა სიახლე