საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე
თამარ ლალიაშვილისა და
ნონა თოდუას კანდიდატები წარადგინა. ქვეყნის პირველმა პირმა წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრა გამართა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატი ანა დოლიძე.
„მე დღეს წარვადგინე ორი ახალი მოსამართლე, ქალბატონი თამარ ლალიაშვილი და ქალბატონი ნონა თოდუა. ქალბატონი ანა დოლიძე უკვე წარდგენილი მყავს დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სამივე ქალბატონი თავისი გამორჩეული ბიოგრაფიით, თავისი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თავისი პრინციპულობით, იქნებიან ადამიანები, რომლებიც სწორედაც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით შესძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენები და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თამარ ლალიაშვილის განცხადებით გახდე მოსამართლე ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანის წინაშე:
„როდესაც ხდები მოსამართლე უნდა ემსახურო და დაემორჩილო მხოლოდ კონსტიტუციას და სამართლიან კანონს და არა სხვა რაიმეს ან ვინმეს. ეს არის ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსათვის,“- აღნიშნა
თამარ ლალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ნანა თოდუამ განაცხადა, რომ მოსამართლეები შეზღუდულები არიან ნორმის განმარტების დროს და ხშირად მიმართავენ ნორმის სიტყვასიტყვით ადეკვატურ განმარტებას, მაშინ როდესაც ნორმის განმარტების სხვადასხვა ხერხი არსებობს, რომელიც შეიძლება მოსამართლემ კარგად გამოიყენოს მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხედავს, რომ არასამართლიანად არის ქმედება და კვალიფიცირებული ან ადამიანის უფლება შელახულია გამოძიების ეტაპზე, ამის გამოსწორებისთვის სასამართლოს აქვს მთელი რიგი ბერკეტები თუ ის ნორმას სწორად განმარტავს.
თამარ ლალიაშვილს 2001- 2006 წლებში საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებოდა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში იგი იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 1988 წელს თამარ ლალიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტმა დაასახელა ნონა თოდუას კანდიდატურა.
ნონა თოდუას 30 წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს. წლების განმავლობაში იგი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის პროფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. ნონა თოდუამ 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.