2018-07-25
სტუდენტური პრაქტიკა კვლევის ტრანსდისციპლინური მიდგომის გამოყენებით
11 - 21 ივლისს, საქართველოში პირველად ჩატარდა სტუდენტური პრაქტიკა კვლევის ტრანსდისციპლინური მიდგომის გამოყენებით. პრაქტიკა, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სამეცნიერო ფონდის (OEAD) დაფინანსებული პროექტის მიერ - „ტურიზმის მდგრადი განვითარება კავკასიაში: თანამშრომლობა რეგიონულ ტრანსდისციპლინურ კვლევაში“ (Transdisciplinarity for Sustainable Tourism Development in the Caucasus Region), ჩატარდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში. სტუდენტურ პრაქტიკაში მონაწილეობა მიიღო თსუ სამი ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „საზოგადოებრივი გეოგრაფიის“, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „ტურიზმი და მასპინძლობის“ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის „რეგიონული გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“) 18-მა სტუდენტმა და 5-მა პროფესორმა. საველე პრაქტიკის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს და ლექციები ჩაატარეს ავსტრიელმა მეცნიერებმა: ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი უნივერსიტეტის (BOKU) პროფესორებმა ანდრეას მუჰარმა და ტამარა მიტროფანენკომ და კრემსის (KREMS) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა კრისტიან მაურერმა. პრაქტიკას დაესწრნენ სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პედაგოგებიც.
პრაქტიკის მსვლელობისას სტუდენტებმა აქტიურად ითანამშრომლეს ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან/სტეიკჰოლდერებთან საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორებიდან; ჩაატარეს ინტერვიუები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მეწარმეებთან, ტურისტული სერვისების მიმწოდებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რის საფუძველზეც შეიმუშავეს დასახლების მდგრადი ტურისტული განვითარების სცენარები და რეკომენდაციები. ადგილობრივმა აქტორებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციის მიმართ და გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი.
მომავალი წლის ზაფხულში მსგავსი პრაქტიკა დაგეგმილია ყაზბეგშის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, თსუ და ავსტრიელი სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით.
« იხ. ყველა სიახლე