ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ლიდერია.
კონკურსში გამარჯვებული 33 პროექტიდან 12 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 36%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებს ეკუთვნით.
ახალგაზრდა მეცნიერად, კონკურსის პირობების თანახმად, ითვლება დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს არსებულ ყველა სამეცნიერო მიმართულებებში: (ქვემიმართულებები გაწერილია სპეციალური კლასიფიკატორით) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.