2020-02-13

ქართულ-ნორვეგიული საზაფხულო სკოლა ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის

ბერგენის უნივერსიტეტის (ნორვეგია) ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ საზაფხულო სკოლაში. ორკვირიანი კურსის განმავლობაში თსუ-სა და ბერგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ანთროპოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებს და შეიძინონ საველე კვლევის პრაქტიკული გამოცდილება. 

საზაფხულო სკოლა გაიმართება ბორჯომში და გაიხსნება ინტენსიური ლექცია-სემინარებით კვლევის მეთოდების შესახებ. სამუშაო ენა - ინგლისური.
თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეუდგნენ საველე კვლევით სამუშაოს საქართველოს სხვადასხვა მხარეში. 

საველე პრაქტიკა: 

ქართველი და ნორვეგიელი სტუდენტები დაიყოფიან ჯგუფებად (ერთი ქართველი და ერთი ნორვეგიელი მონაწილე თითო ჯგუფში) და ჩაერთვებიან 4-5 დღიან საველე სამუშაოში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ კვლევა ჩაატარონ როგორც ურბანულ დასახლებებში, ისე სოფლად მრავალფეროვან თემატიკაზე. საველე სამუშაოს დაგეგმვის პროცესში სტუდენტები კონსულტაციას მიიღებენ დარგის სპეციალისტებისაგან. საველე პრაქტიკის დასრულების შემდეგ სტუდენტები დაბრუნდებიან ბორჯომში, წარმოადგენენ სამუშაოს შედეგებს და დაწერენ კვლევის ანგარიშს. 

მიღება:

საზაფხულო პროგრამა განკუთვნილია ეთნოლოგიის და ანთროპოლოგიის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებისათვის. სააპლიკაციო ფორმას უნდა დაერთოს აკადემიური მოსწრების დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი) და სამოტივაციო წერილი (ყველა დოკუმენტი ინგლისურ ენაზე). აუცილებელია, მონაწილე კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას. აპლიკაციის შესავსებად დააჭირეთ აქ. 


საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა  2020 წლის 1 მარტი


პრაქტიკული ინფორმაცია 

საზაფხულო სკოლა შედგება ივლისის მეორე ნახევარში და მასში მონაწილეობის ყველა ხარჯი დიფარება პროექტის მიერ. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკმაყოფილდება მხოლოდ 14 კანდიდატი (7 საქართველოდან, 7 - ნორვეგიიდან). კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბერგენის უნივერსიტეტი გასცემს 5 ECTS-ს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:

ქეთევან ხუციშვილი - თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ketevan.khutsishvili@tsu.ge

გიორგი ჭეიშვილი - ბერგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი giorgi.cheishvili@uib.no


საზაფხულო სკოლა ხორციელდება პროექტ  NorGePart-ის ფარგლებში DIKU-ს ფინანსური მხარდაჭერით. 

Print

« იხ. ყველა სიახლე