2020-06-08
ესსეების კონკურსი თემაზე "სამედიცინო ნარჩენები და პანდემია"
პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს
ესსეების კონკურსს თემაზე სამედიცინო ნარჩენები და პანდემია, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა
2020 წლის 5 ივლისი, 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა
ფულადი პრიზი 500 ლარი.
ესსეების სათაურებია:
1. „პანდემიის გავლენა გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე (მისი დადებითი ან/და უარყოფითი შედეგები)“ ან
2. „სამედიცინო ნარჩენები და მათი სწორი გატანა პანდემიის პირობებში“.
ესსე „პანდემიის გავლენა გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე (მისი დადებითი ან/და უარყოფითი შედეგები)“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ესსეში უნდა აღიწეროს ის თუ, პანდემიის პირობებში როგორ შეიძლება შეიცვალოს ჩვენს გარშემო არსებული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა, რა დადებითი შედეგები შეიძლება მივიღოთ ამ დროს ან რომელი ეკოსისტემის მდგომარეობა შეიძლება ყველაზე უფრო შეიცვალოს გაუარესების კუთხით. რა მცდელობები შეიძლება გატარდეს მმართველი მთავრობის მხრიდან ქვეყანაში იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს ჩვენი გარემო.
ესსე „სამედიცინო ნარჩენები და მათი სწორი გატანა პანდემიის პირობებში“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
რა არის სამედიცინო ნარჩენი, რა ტიპის სამედიცინო ნარჩენები წარმოიქმნებიან შესაბამის დაწესებულებებში, როგორ ხდება მათი კლასიფიკაცია, როგორ ხდება მათი დროებითი შენახვა იმ სამედიცინო ობიექტებში, სადაც ისინი წარმოიქმნებიან, რა ტიპის კონტეინერები არსებობს მოცემულ სისტემაში და როგორ განათავსებენ მათ მოცემულ ორგანიზაციებში და ა.შ. ასევე, ვინ ხელმძღვანელობს სამედიცინო დაწესებულებიდან ნარჩენების გატანა-ტრანსპორტირებას, ან ნაჩენების მართვის ორგანიზაციას და რომელი კანონმდებლობებით ხელმძღვანელობს ის ამ შემთხვევაში.
თემა მოიცავს შემდეგ კონტექსტს:
მოკლე ინფორმაცია პანდემიაზე: pandemic - არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს - მთელ ხალხს, ანუ ეს არის ეპიდემია ინფექციური დაავადებებისა (მაგ. ქოლერა, გრიპი) გავრცელებული მთელ მსოფლიოში და შესაბამისად ხალხის უმრავლესობაში. ისტორია ითვლის რამოდენიმე ტიპის პანდემიას სხვადასხვა პერიოდებში და სხვადასხვა საუკუნეში, რომლებიც არიან ცნობილი არა მარტო რომელიმე გრიპის სახელით, არამედ სხვა გამომწვევი მიზეზებითაც. ამჟამად კი მსოფლიო იმყოფება კონორავირუსის COVID-19-ის პანდემიის ქვეშ. კლასიკური გაგებით პანდემიის წამყვანი ძალაა დაავადება, რომელიც ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე, ან ცხოველიდან ადამიანზე რომელიმე ინფექციური აგენტის მაშვეობით (ვირუსი ან ბაქტერია), თუმცა ეს შეიძლება მოხდეს უმარტივესი ორგანიზმების საშუალებითაც კი. „არა, ეს პანდემია არ არის ომი. არც ერები და ჯარისკაცები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს არის ჩვენი კაცობრიობის ტესტი. ეს კრიზისი აჩვენებს ადამიანების საუკეთესოს და ცუდს. მოდით ვაჩვენოთ ყველას, რა არის ჩვენში საუკეთესო“, - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 21 საუკუნის კონორავირუსის შესახებ.
პანდემიის გავლენა გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე - როგორც მოგეხსენებათ პანდემიის დროს უმეტეს ქვეყნებში ცხადდება ხოლმე საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი ან კომენდანტის საათი. ყოველივე ეს გულისხმობს მოსახლეობის სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს და ზოგიერთი ცხოვრების წესების დროებით შეცვლას. ქვეყნებში მუშაობას წყვეტს ზოგიერთი სამრეწველო საწარმოები, იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა და ადამიანების თავშეყრის ადგილები. შესაბამისად საგრძნობლად მცირდება ადამიანების იმ ტიპის ქმედებები, რომლებიც იწვევენ ნეგატიურ გავლენას გარემოზე და საგრძნობლად მცირდება ანტროპოგენული დატვირთვა მასზე (გარემოზე). მაგალითად, დღესდღეობით, მრავალი ქვეყანა აღნიშნავს იმას, რომ საგრნობლად გასუფთავდა ატმოსფერული ჰაერი დიდ ქალაქებში (მათ შორის, ქ. თბილისშიც), არსებობს უკვე კოსმოსიდან გადაღებული სურათები, (რომლებიც შედარებულია ძველ ანალოგიურ სურათებთან), რომლებიც თვალნათლივ ადასტურებენ ზემოთ აღნიშნულ შედეგს.
არსებობს ასევე პანდემიის მეორე მხარეც - როდესაც მოცემულ პერიოდში სამედიცინო ნარჩენების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება.
სამედიცინო ნარჩენები ერთ-ერთი ყველაზე საშიშ და სახიფათო ნარჩენებად ითვლება ნარჩენებს შორის, განსაკუთრებით, თუ ის არ არის წინასწარ დამუშავებული. საავადმყოფოებიდან და სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებიდან მრავალი ტიპის ნარჩენები გაიტანება, მაგალითად: ხელთათმანები, დამცავი საშუალებები, ნახმარი სპეცტანსაცმელი, ბიოლოგიური
ნარჩენები და სხვა. ამ ტიპის ნარჩენები უმეტესად მსუბუქია, თუმცა საკმაოდ მოცულობითი. ისინი განსაკუთრებით საშიშია დღევანდელ დღეს, როდესაც მსოფლიოს თავს დაატყდა ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია. აქედან გამომდინარე, მოცემულ პირობებში, საჭიროა დაინერგოს ახალი ინოვაციური ტექნოლოგიური მეთოდები სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფისა და მისი ქვეყნიდან სწორი გატანის თვალსაზრისით, რათა განვახორციელოთ გეგმიური ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. გვახსოვდეს, რომ თუ ყოველივე ამას გავითავისებთ კოვიდ-19-ის აფეთქებისას, შემდეგი პანდემიების ნეგატიური შედეგები იქნება შედარებით მარტივი სამართავი.
ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: orchisge@yahoo.com და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე იმ უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ.
გისურვებთ წარმატებებს!
პროექტს - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
ტაშკენტის ქ.10ა, 0160, თბილისი , საქართველო ტელ: (+995 32) 2385199; მობ.: (+ 995 595) 335699
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com ვებგვერდი: http://www.orkisi.ge
Facebook: Gsne Orchis
« იხ. ყველა სიახლე