2016-06-22

სამეცნიერო-პუბლიცისტური ელექტრონული ჟურნალი გენდერის კვლევებში აცხადებს სტატიების მიღებას

გაცნობებთ, რომ პირველი სამეცნიერო-პუბლიცისტური ელექტრონული ჟურნალი გენდერის კვლევებში “ხმა ქართველი ქალისა” აცხადებს სტატიების მიღებას პირველი ნომრისთვის, რომელიც 2017 წლის აპრილში გამოიცემა. სამეცნიერო-პუბლიცისტურ ჟურნალს გამოსცემს თსუ გენდერის კვლევის ინსტიტუტი ქალთა ფონდთან საქართველოში თანამშრომლობით.
ჟუნრალი წარმოადგენს სივრცეს თანამედროვე ფემინისტური, ინტერდისციპლინარული აკადემიური ნააზრევისთვის, მისი კონცეფცია და სახელწოდება კი კავშირშია საუკუნის წინანდელ ფემინისტურ ინიციატივასთან - გაზეთთან “ხმა ქართველი ქალისა”, რომელიც 1917-1918 წლებში ქუთაისში გამოიცემოდა. პუბლიკაციის მიზანია საქართველოში გენდერის კვლევაში შექმნილი ცოდნის გამდიდრება, გამრავალფეროვნება და ადგილობრივი პერსპექტივის წარმოჩენით მისი ინტეგრაცია საერთაშორისო ფემინისტურ ნააზრევში.
ჟუნრალის პირველი ნომერი მთლიანად ეთმობა გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ასი წლის იუბილეს, იმ თემებსა და მათ გადააზრებას, რომელზეც საუკუნის წინ აქტიურად მსჯელობდნენ ქართველი ფემინისტები. შესაბამისად, პირველი სამეცნიერო-პუბლიცისტური გამოცემის სტატიები ფარავს, თუმცა არაა შემოსაზღვრული შემდეგი თემებით:
  • ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ისტორია საქართველოში;
  • ფემინისტური აქტივიზმის ისტორია საქართველოში;
  • წერა, როგორც პოლიტიკური აქტი და ფემინისტური აქტივიზმი;
  • „დასავლეთი“/„ევროპა“ ქართულ ფემინისტურ დისკურსში მეოცე საუკუნის დასაწყისში და დღეს;
  • 1917 წლის რუსეთის რევოლუცია და მისი გამოხმაურება;
  • პროსტიტუტიციისა და ძალადობის საკითხების გაშუქება ფემინისტურ გამოცემაში.
სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატია (4000-6000 სიტყვა) მიიღება მეილზე: mariana.unapkoshvili@tsu.ge 2016 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

Print

« იხ. ყველა სიახლე