ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-10-26

თსუ–ის პროფესორს კონსტანცას "ოვიდიუსის" სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

2011 წლის 12 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს ანასტასია ზაქარიაძეს კონსტანცას "ოვიდიუსის" სახელობის  უნივერსიტეტის (რუმინეთი) საპატიო პროფესორის წოდება (DOCTOR HONORIS CAUSA) მიენიჭა.

უნივერსიტეტის სენატის საზეიმო სხდომაზე შედგა საპატიო წოდების სერტიფიკატის გადაცემისა და დოქტორის მანტიით შემოსვის ტრადიციული ცერემონიალი. წარდგინებაში "ოვიდიუსის" უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ვიქტორ ციუპინამ და  თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, ტომის ეპარქიის არქიეპისკოპოსმა, პროფესორმა თეოდოსიემ (პეტრესკუ) აღნიშნეს, რომ ქართველ მეცნიერს საპატიო წოდება ენიჭება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კონსტანცას "ოვიდიუსის" უნივერსიტეტებსა და ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ქრისტიანული ეთიკისა და ბიოეთიკის სფეროებში ნაყოფიერი საქმიანობისა და სამეცნიერო გამოკვლევებისათვის.

პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე 2008 წლიდან "ოვიდიუსის" უნივერსიტეტის სამი მსოფლიო მონოთეისტური რელიგიის შესწავლისა და კვლევის ცენტრის (The Center for Religious and Juridical-Canonical Study and Research of the Three Monotheistic Religions.) საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "დიონისიანას" სარედაქციო საბჭოს, ხოლო 2009 წლიდან უნივერსიტეტისა და ცენტრის მიერ მოწყობილი საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო  კომიტეტის წევრია.

დაჯილდოების შემდგომ კონსტანცას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა უნივერსიტეტის სენატის, პროფესორების, სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისათვის  საჯარო ლექცია წაიკითხა. მოხსენება ეხებოდა  ადამიანის ხვედრის პრობლემას თანამედროვე სამყაროში, პიროვნებისა და იდენტობის ეთიკურ პერსპექტივებს.

2011 წლის 20-22 ოქტომბერს კონსტანცაში გამართულ კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო ოცზე მეტი ქვეყნის წამყვანი თეოლოგი, იურისტი, პოლიტიკური, სასულიერო, საზოგადოებრივი და აკადემიური წრეების წარმომადგენელი. მათ შორის თსუ ფილოსოფოსთა დელეგაცია. კონფერენცია მსჯელობდა ოჯახისა და ქორწინების პრობლემებზე სამ მსოფლიო რელიგიაში.   

თსუ-სა და კონსტანცას "ოვიდიუსის" უნივერსიტეტებს შორის 2010 წლის 13 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება სამეცნიერო და სასწავლო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. თსუ–ში სწავლების პირველ ეტაპისათვის  მომზადდა თეოლოგიის მაინორ (minor) სასწავლო პროგრამა, რომლის შექმნაში მონაწილეობდნენ კონსტანცას უნივერსიტეტის პრორექტორი, ცენტრის დირექტორი თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნიკოლაე დურა, თეოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები და  საქართველოს საპატრიარქოს თეოლოგიური აკადემიისა და სემინარიის ღვთისმეტყველები.  პროგრამის ამუშავება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2011-2012 სასწავლო წლისათვის  იგეგმება.  თსუ-ს დელეგაციამ შეხვედრები "ოვიდიუსის" უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთანაც გამართა, ორ უნივერსიტეტს შორის დადებული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში დამუშავდა სასწავლო და სამეცნიერო კვლევით სფეროებში მომავალი თანამშრომლების გეგმა. კერძოდ, პროფესორ ნიკოლაე დურას უშუალო ინიციატივით მომზადდა თსუ უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტსა და ცენტრს შორის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო პროექტების განხორციელებაში რუმინული მხარის აქტიურ ჩართულობას, უახლოეს მომავალში დასახულია ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიურ–თეოლოგიური კვლევების საუნივერსიტეტო ცენტრის შექმნაც.
Print

« იხ. ყველა სიახლე