2016-12-20

იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

21-25  დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება „იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით“. სკოლა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება  21 დეკემბერს,  10:00 საათზე თსუ  I კორპ, აუდიტორია #115-ში,  ი. ჭავჭავაძის გამზირი №1.

სკოლა განკუთვნილია საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების, ასევე საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის იმუნოლოგიის დარგის  ან მომიჯნავე მიმართულებებით. 

სეზონური სკოლის მიზანია ინტენსიური  ერთკვირიანი თეორიული და პრაქტიკული  კურსის გავლის გზით ხელი შეუწყოს საქართველოში იმუნოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდა მეცნიერთა და მომავალ მკვლევართა პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

სეზონური სკოლა მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო სამეცნიერო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზაზე; სკოლის მონაწილეებმა შეისწავლონ კვლევისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები, გაიღრმავონ ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები. ასევე, სკოლა სამეცნიერო კონტაქტების დამყარებისა და გაფართოების საშუალებას მისცმეს მონაწილეებს როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ასევე უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებთან.

სეზონური სკოლის ფარგლებში 40 სტუდენტი გაივლის თეორიულ კურსს და მათგან 20 სტუდენტი დაეუფლება იმუნოლოგიური კვლევის პრაქტიკულ/ ლაბორატორიულ მეთოდებს. სკოლის მონაწილეები არიან თსუ-სა  და სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტები:თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (დტსუ), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ) და  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).

სკოლის მოწვეული ლექტორები ძირითადად თსუ იმუნოლოგიის კათედრის კურსდამთავრებულები არიან, რომელთა ნაწილი უცხოეთში მოღვაწეობს, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში: აგასტას უნივერსიტეტი (აშშ), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), ჰანოვერის უმაღლესი სამედიცინო სკოლა (გერმანია), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ), ბურგუნდიის უნივერსიტეტი (საფრანგეთი).

სკოლის ფარგლებში ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება 21-25 დეკემბერს თსუ XI კორპუსის აუდიტორიებში, იმუნოლოგიის ლაბორატორიასა და ვივარიუმში (უნივერსიტეტის ქ. 13).



Print

« იხ. ყველა სიახლე