გაეროს გენერალურმა მდივანმა
ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა მიზნობრივი ფონდის დირექტორთა საბჭოს ხუთი წევრი სამწლიანი ვადით დანიშნა. მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელი -
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული საბჭოს წევრობა ძალზე პრესტიჟულია, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ პროფესორ ქეთევან ხუციშვილთან ერთად საბჭოს ხუთ წევრს შორის არის ვაჭრობის, საგარეო ურთიერთობისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დარგში ორგზის ევროკომისიონერი და ავსტრიიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ასევე ავსტრიის პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი ბენიტა ფერრერო-ვალდნერი.
მიზნობრივი ფონდი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წლის ივლისში დააარსა იმ ორგანიზაციათა მხარდასაჭერად, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დასახმარებლად მუშაობენ. ფონდი მხოლოდ მთავრობათა, კერძო მეწარმეთა და პირთა ნებაყოფლობითი შენატანებით ფინანსდება. იგი გაეროს ნარკოტიკებისა და დამნაშავეობის სამმართველოს ეგიდით მუშაობს, სამეურვეო საბჭო კი უზრუნველყოფს სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, კონსულტაციას უწევს მიზნობრივ ფონდს და იძლევა რეკომენდაციებს დაფინანსებისთვის წარდგენილი პროექტების თაობაზე.
პროფესორი ქეთევან ხუციშვილი 2003 წლიდან უძღვება საერთაშორისო სისხლის სამართლის კურსს და კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო სამართლის სხვადასხვა დარგში. ის არის თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; ინიციატორია იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ისეთი უმნიშვნელოვანესი თეორიული და პრაქტიკული კურსების შემოღებისა, როგორიცაა ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი, მიგრაციის აქტუალური პრობლემები და ევროკავშირის სტანდარტები, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ადამინით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევების დანერგვასა და განვითარებაში. ქეთევან ხუციშვილი ცნობილია, როგორც საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთ–ერთი გამოჩენილი ექსპერტი. მისი თაოსნობით საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლამ იმთავითვე მიიპყრო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ ტრეფიკინგთან ბრძოლის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოთა ჩამონათვალში 2007-2012 წლებში საქართველო ე.წ. „პირველ კალათაში“ იკავებდა ადგილს. ასევე იგი გახლავთ ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) საკონტაქტო პირი საქართველოსთან.