2016-02-17

ზამთრის სკოლა „დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში"

2016 წლის 20-27 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა (საქართველო) და მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის (გერმანია) ორგანიზებით ტარდება ზამთრის სკოლა თემაზე: „დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში". ხელმძღვანელები: პროფ. დარეჯან თვალთვაძე და პროფ. მანანა თანდაშვილი. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ზამთრის სკოლა საშუალებას მისცემს თსუ-სა და საქართველოს სხვა  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს გაეცნონ ქართველოლოგიაში დიგიტალური კვლევების განსახორციელებლად აუცილებელ მეთოდურ და ტექნოლოგიურ საშუალებებს და აქტიურად ჩაერთონ თემატური კორპუსების შექმნაში.

ზამთრის სკოლა, ასევე, მიზნად ისახავს ქართველოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიური ელექტრონული სასწავლო გარემოს შესაქმნელად ონლაინ სწავლების ინოვაციური სისტემის OLAT-ის (OLAT – Online Learning And Training) შესაძლებლობების გაცნობას და სწავლების ახალი ფორმატის eLecture-ს (ელექტრონული ლექციები) დანერგვას.

ზამთრის სკოლის პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსებს წაიკითხავენ პროფესორები მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტიდან (გერმანია): პროფ. იოსტ გიპერტი, პროფ. მანანა თანდაშვილი; საარბრუკენის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ელკე ტაიხი (გერმანია); ციურიხის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნოა ბუბენჰოფერი (შვეიცარია); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (საქართველო):  ასოც. პროფ. მაია ლომია, ასოც. პროფ. ნინო შარაშენიძე, ასოც. პროფ. ქეთევან მარგიანი, ფილოლოგიის დოქტორი მარინე ბერიძე (თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი) და ასოც. პროფ. რუსუდან გერსამია (საქართველოს უნივერსიტეტი).

სკოლის გახსნა: 2016 წლის 20 თებერვალი, 10:00 საათი, თსუ პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის დარბაზი).
Print

« იხ. ყველა სიახლე