2014-04-28

იოჰან ქრისტოფ ბროცეს კოლექციის გამოფენა

29 აპრილს, 17:00 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში,  ლატვიის საელჩო  აწყობს იოჰან კრისტოფ ბროცეს ბალტიის ნახატებისა და აღწერილობების კოლექციის გამოფენას. გამოფენის ორგანიზატორები ასევე არიან ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ლატვიის უნივერსიტეტი და ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა. გამოფენის მიზანია გააცნოს საზოგადოებას იოჰან კრისტოფ ბროცეს  მეთვრამეტე საუკუნეში დახატული  ლატვიის და ესტონეთის  პეიზაჟების ფოტოპირების უნიკალური კოლექცია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ი. კ. ბროცეს მიერ აღწერილი ისტორიული მასალა  ლატვიისა და ესტონეთის შესახებ.  იოჰან კრისტოფ ბროცე, 1768 წელს დასახლდა რიგაში, იგი აკეთებდა ჩანაწერებსა და ჩანახატებს, მას აღწერილი აქვს - ლატვიისა და ესტონეთის საბაჟო პუნქტები, ხედები, სასახლეები, კერძო და საჯარო ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები, ტაძრები, ხიდები; ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლები, მათი სამოსი,  სამუშაო პროცესი,  სხვადასხვა სახის ტექნიკური დანადგარები, ძეგლები, მონეტები და ა.შ. სამწუხაროდ ბროცეს მიერ აღწერილი ძეგლებისა და ნივთების უმეტესობა დრომ გააქრო, თუმცა ისინი მის გამორჩეულ ნაშრომშია შემონახული, რომელიც 10 ტომისგან შედგება და რომელიც სხვა ექსპონატებთან ერთად იქნება წარმოდგენილი  ჩვენს გამოფენაზე.

გამოფენის სტუმრები არიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები

გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ერთ თვეს გასტანს.

გამოფენის  მასპინძელი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, 120 000 უცხოურ ელექტრონულ ჟურნალს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

ბიბლიოთეკა მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე