2015-11-04
სტუდენტური კონკურსი ”მისია 2015” დაიწყო
4 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი -
„მისია 2015“ გამოცხადდა. თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - “მისია“ უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. წელს, კონკურსის პარტნიორია კომპანია
თიბისი ბანკი.
კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, ხოლო მეორე ტურში პარტნიორი ბრენდის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები ხდებიან და კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსი გუნდურია და მასში მონაწილეობას 3-5 სტუდენტი იღებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
04 ნოემბრიდან - 25 ნოემბრის ჩათვლით მოამზადეთ პირველი ტურის პროექტი (იხილეთ აპლიკაცია) და გამოაგზავნეთ საკონკურსო მისამართზე: misia@tsu.ge
კონკურსის პირველი ტურის დავალება: „წარმოადგინეთ პროექტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიათა ქსელის „Scripta Manent“ საკომუნიკაციო სტრატეგია 2015“.
მეორე ეტაპზე გასული 5 ფინალისტი გუნდი თიბისი ბანკისგან ახალ დავალებას მიიღებს.
კონკურსის საპრიზო ფონდი
5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი უზრუნველყოფს. საპრიზო ფონდი გამარჯვებულ სამ გუნდზე ნაწილდება:
I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.
კონკურსი 2011 წელს დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში პროექტის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: “IDS ბორჯომი საქართველო”, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“ და „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“.
« იხ. ყველა სიახლე