ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-09-20

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი აცხადებს კონკურსს თსუ-ს სტუდენტებისათვის




ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის (ბაკალავრიატის და მაგისტრატურის) აცხადებს კონკურსს, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე სტუდენტების მიერ შექმნილი საუკეთესო აკადემიური ნაშრომების გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები ფონდში უნდა წარადგინონ
(ელ-ფოსტა: Levanmikeladze.foundation@gmail.com)  არაუგვიანეს 2010 წლის 25 დეკემბრისა. ნაშრომს თან უნდა დაერთოს სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი და ფაკულტეტის დასახელება.
სავალებულო მოთხოვნები:

ნაშრომი უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე და იგი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3500 სიტყვისა, აღწერილობისა (abstract) და შენიშვნების/კომენტარების (footnotes) ჩათვლით. ამასთან, ნაშრომს თან უნდა დაერთოს ბიბლიოგრაფია.

პლაგიატის თავიდან აცილების მიზნით, ფონდი უზრუნველყოფს ნაშრომების შემოწმებას შესაბამისი ინტერნეტ წყაროების მეშვეობით. პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, სტუდენტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან. აგრეთვე, ეს სტუდენტი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ფონდის მიერ მომავალში ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებში.

ნაშრომებს განიხილავს ლევან მიქელაძის ფონდთან არსებული საკონკურსო კომისია.

ნაშრომის შეფასება
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:
საკითხის აქტუალობა,
ანალიტიკური აზროვნების უნარი,
ნაშრომში მოყვანილი არგუმენტების დამტკიცების უნარი,
სტრუქტურის სწორად განსაზღვრა,
გამოყენებული ლიტერატურის ხარისხი და მრავალფეროვნება,
აკადემიურად წერის კულტურა,
ნაშრომის გაფორმება.
ფონდში წარდგენილი ნაშრომი ეგზავნება საკონკურსო კომისიის ყველა წევრს. K^კომისიის წევრები ნაშრომს აფასებენ 10 ბალიანი სისტემით (1-დან 10 ქულამდე), რომლის მეშვეობითაც უნდა გამოვლინდეს უმაღლესი შეფასების მქონე 3 ნაშრომი. სამზე მეტ ნაშრომთან დაკავშირებით უმაღლესი ქულების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გამარჯვებულთა გამოვლენის თაობაზე კომისია გადაწყვეტილების იღებს კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. (იმ შემთხვევაში თუ კომისიის წევრთა რაოდენობა იქნება ლუწი, ხმების თანაბრად განაწილებისას, კომისიის თავმჯდომარე ისარგებლებს გადამწყვეტი ხმის უფლებით).

გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენის შემდეგ, კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს საუკეთესო ნაშრომის (1-ლი ადგილი) შესახებ.

დაჯილდოება

საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარი, ხოლო დანარჩენ გამარჯვებულებს (2 ავტორი) – სიგელები და თითოეულს 250 ლარი.

ფონდი გამართავს დაჯილდოების ცერემონიალს, სადაც გამარჯვებული ნაშრომების ავტორები სლაიდების (პროგრამა - power point) მეშვეობით, ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტებისა და სტუდენტების წინაშე ჩაატარებენ თავისი ნაშრომების პრეზენტაციას.  პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ნაშრომებში აღწერილ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსია. აღნიშნული ღონისძიების გაშუქების მიზნით, ფონდი მოიწვევს პრესისა და მედიის წარმომადგენლებს.

გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 899-63-99-22 
                                     ელ-ფოსტა : Levanmikeladze.foundation@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე