მოძრაობა „7 აგვისტო“ კონფლიქტური რეგიონების თემატიკაზე მუშაობას განაგრძობს.
17 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოძრაობა „7 აგვისტოს“ წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. ისინი კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. ამჯერად მათი განცხადება ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ცხინვალში ვიზიტს შეეხო.
მოძრაობა „7 აგვისტოს“ წევრებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, თუ როგორ შეძლეს ქართული არასამთავრობოების წარმომადგენლებმა ცხინვალში ჩასვლა და დაკავებულთა მონახულება.
ამ საკითხთან დაკავშირებით მოძრაობის წევრებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, კითხვით მიმართეს:
• იყო თუ არა კონპირაციული შეხვედრა?!
• როგორ მოახერხეს საზღვრის გადალახვა, როცა გაეროს დამკვირებლებიც ვერ გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე?!
• რა შედეგი გამოიტანა და რა მიზანს ემსახურებოდა მათი იქ ყოფნა?!
„7 აგვისტოს“ წევრებმა არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია სეპარატისტული რეჟიმის მიერ ქართველი მოსწავლეების უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით, მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართეს გამოეყენებინათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ტირძნისელი მოსწავლეების უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.