ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-30

სომხურ-ქართული თანამშრომლობის სტრატეგიები მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართულობის გზით

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი  სომეხ კოლეგებთან ერთად ახორციელებს ბიოლის ფონდის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ცხადდება მაგისტრანტებისა და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებისათვის სპეციალური კონკურსი.

სომხურ-ქართული თანამშრომლობის სტრატეგიები მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართულობის გზით არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელსაც ეთნოლოგიური კვლევების ცენტრი ჰაზარაშენი (ერევანი, სომხეთი), ცივილიზაციის და კულტურათა კვლევის ცენტრთან (ერევანი, სომხეთი) და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციასთან (თბილისი, საქართველო) თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტი 2015 წლის მარტ-ოქტომბრის პერიოდში განხორციელდება და მისი მიზანია მეცნიერების, მკვლევარების და სტუდენტების ჩართულობის გზით იმ დაშორიშორების გადალახვა, რაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების და ევრაზიულ კავშირში სომხეთის ინტეგრირების დეკლარირებული ვალდებულების კონტექსტში იშვა.

ეს მიზანი, ცნობილი ქართველი და სომეხი პოლიტოლოგების, სოციოლოგების და ანთროპოლოგების აკადემიური ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებული ერთობლივი კვლევების შედეგად მიიღწევა. კვლევის შედეგებს ფართო საზოგადოება ერევანსა და თბილისში გაეცნობა, რაც მსჯელობას და დისკუსიას მისცემს სტიმულს და ასევე უკუკავშირს უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის და შინაარსის დახვეწისთვის. კვლევის საფუძველზე სტუდენტები და მათი აკადემიური მენტორები მოამზადებენ ერთობლივ სტატიებს, რომლებიც საერთაშორისო აკადემიურ გამოცემებში დაიბეჭდება.

პროექტის ბოლოს ორი წარმატებული სტუდენტი მიიღებს შესაძლებლობას ერთთვიანი პრაქტიკა გაიაროს საქართველოს და სომხეთის აკადემიურ და კვლევით ორგანიზაციებში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

დანართი №1
დანართი №2



Print

« იხ. ყველა სიახლე