პროექტის #წერექართულად მხარდასაჭერად სკოლის მოსწავლეებისათვის ლექსიკოგრაფიაში კონკურსი ჩატარდება
კონკურსს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი და თბილისის 24-ე საჯარო სკოლა ატარებს.
ლექსიკოგრაფიის კონკურსი წელს პირველად ჩატარდება და ის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის დახმარებით (www.dict.ge) ინგლისური წინადადებების ქართულად თარგმნას ითვალისწინებს.
კონკურსი საპილოტეა და მასში მონაწილეობა ამ ეტაპზე მხოლოდ 24-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
კონკურსი ორეტაპიანია. პირველი ეტაპი 20 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება და ის 30 საუკეთესო მოსწავლეს გამოავლენს. 5 გამარჯვებული კი იანვარში, უკვე კონკურსის მეორე, ფინალურ ეტაპზე გამოცხადდება.
ლექსიკოგრაფიის კონკურსის მიზანია ინგლისურ - ქართული ლექსიკონების პოპულარიზაცია , ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლა და ახალგაზრდებში ქართული ენის მდიდარი ლექსიკური შესაძლებლობების წარმოჩენა .
გამარჯვებული მოსწავლეები თიბისი ბანკისა და ელექტრონული წიგნების სახლისგან „ საბა “ წიგნებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან .
კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დაინტერესებულ მოსწავლეებს საკუთარი მონაცემების (სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი) გაგზავნა ნოემბრის ბოლომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ: konkursi24@dictionary.ge . ამ დროისთვის კონკურსში მონაწილეობის სურვილი უკვე 100-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი და 24-ე საჯარო სკოლა ლექსიკოგრაფიის კონკურსის ჩატარებას მომავალშიც გეგმავს და მასში მონაწილეობის მიღება უკვე საქართველოს მასშტაბით არსებული სხვა სკოლების მოსწავლეებსაც შეეძლებათ.
« იხ. ყველა სიახლე