2017-06-06

კრეათონი

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიმდინარე წლის 23, 24 და 26 ივნისს ახორციელებს ტექნიკური ხასიათის კრეათონს.

კრეათონის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდა ტალანტების მოძიება და მოზიდვა. კრეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამშენებლო, საინჟინრო, ენერგეტიკის და საბუნებისმეტყველო მიმართულების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და მაგისტრანტებს. მონაწილეებს მიეცემათ დავალებები, რომლებზეც ჯგუფურად უნდა იმუშაონ და მოუძებნონ ტექნიკური გადაწყვეტილებები. სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ და ინოვაციური პროექტების შექმნაში დაეხმარებიან უმაღლესი კლასის პროფესიონალები, დარგის საუკეთესო ექსპერტები.

თითოეული სამუშაო ჯგუფი უნდა შედგებოდეს 5 (მაქსიმუმ 7) მონაწილისგან. ჯგუფს უნდა ჰყავდეს მენტორი (ფაკულტეტის წარმომადგენელი ან აკადემიური პერსონალი).

პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა დიპლომი. გარდა ამისა, კრეათონის წარმატებულ მონაწილეებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შესთავაზებს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას და დასაქმებას კომპანიაში.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ 3 სამუშაო დღე გაატარონ საინტერესო, კრეატიულ გარემოში. ეს ასევე არის საინტერესო ადამიანების - ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების და თანატოლების გაცნობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალება. გპირდებით, საქმიან, შემოქმედებით და სასიამოვნო გარემოს.

მსგავსი შინაარსის კრეათონი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გასულ წელსაც გამართა. შედეგად 40-მა ახალგაზრდამ გაიარ სტაჟირება, დღესდღეობით 15 მონაწილე დასაქმებულია და აგრძელებს პროფესიულ განვითარებას ჩვენს კომპანიაში.

კრეათონში მონაწილეობის მიღების მსურველებმა არაუგვიანეს 2017 წლის 15 ივნისისა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე და შეავსონ კრეათონის სააპლიკაციო ფორმა.


Print

« იხ. ყველა სიახლე