2010-01-12

თსუ–ში ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის – „ახალი კურიკულუმი გამოყენებითი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით“ – შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

2010 წლის 12 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის – „ახალი კურიკულუმი გამოყენებითი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით“ – შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის კონსორციუმის ყველა წევრი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, დუბლინის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი).
შეხვედრა გახსნა და პროექტის ავტორებს და მონაწილეებს სამომავლო წარმატებები უსურვა თსუ–ის რექტორმა გიორგი ხუბუამ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ტემპუსის ეროვნულმა კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტემპუსის პროგრამაში 14 მოგებული  პროექტით ლიდერობს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის უნივერსიტეტებს შორის.
პროექტის შედეგები წარმოადგინეს პროექტის ხელმძღვანელმა, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ ნილმა და პროექტის კოორდინატორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნინო ინასარიძემ.

პროექტის განხორციელების შედეგად თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა და 2009 წლიდან ამოქმედდა ახალი საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერება და ბიოტექნოლოგია“. პროგრამა უზრუნველყოფს ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში ჯანდაცვის, აგრარული და კვების ბიოტექნოლოგიების სპეციალობით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.

პროგრამა მსმენელებს სთავაზობს:

• სრულიად ახალ, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ სასწავლო კურსებს;
• თანამედროვე სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორიებსა და კომპიუტერულ კლასებს;
• პროფესიულ პრაქტიკას (სწავლების პროცესში დასაქმებას სათანადო პროფილის სხვადასხვა საწარმოებში, კლინიკებში, სამეცნიერო–კვლევით და სადიაგნოსტიკო ცენტრებში);
•    ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან მობილობის პროგრამებსა და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

ზემოთ აღნიშნული მიზნების ეფექტიანად განხორციელებისათვის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი მრჩეველთა საბჭო, რომელშიც გაერთიანდნენ პოტენციური დამსაქმებლები: მეწარმეები, სამეცნიერო–კვლევითი ცენტრებისა და მარეგულირებელი სამსახურების წარმომადგენლები. საბჭო ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და დამსაქმებლებს შორის მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე