ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-09-17

საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი იწყებს საკონფერენციო განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისთვის „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 22-24 სექტემბერს (კონფერენციის ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის სექტემბერში, მაგრამ გადაიდო კოვიდ 19 პანდემიის გამო). 
საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს  და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავს. 
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: (i) კლასიკური სიძველეთმცოდნეობისა და ბიზანტინისტიკის აქტუალური პრობლემები; (ii) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და თანამედროვეობა; (iii) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და საქართველო; (iv) ციფრული ტექნოლოგიები კლასიკურ სიძველეთმცოდნეობასა და ბიზანტინისტიკაში. 
კონფერენცია არ ითვალისწინებს პლენარულ მოხსენებებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევარებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს. 
თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.). კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული და ქართული.
მოხსენების თეზისების მიღების ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2020. მოხსენების თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ქართულ თეზისებს თან უნდა ახლდეს მათი უცხოენოვანი თარგმანი კონფერენციის თეზისებში დასაბეჭდად). 
საკონფერენციო თეზისები, გთხოვთ, გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: g.tsereteli150@gmail.com. მოხსენებათა შერჩევა დასრულდება 2021 წლის 30 იანვარს. 
სარეგისტრაციო გადასახადი: 100 ლარი. 
კონფერენციის პროგრამა გამოქვეყნდება 2021 წლის ივლისში. 
კონფერენციის მასალები ფარული რეცენზირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ფაზისში“ (Phasis. Greek and Roman Studies, Institute of Cassical, Byzantine and Modern Greek Studies, Ivane Javakhishvili Tbilisi State University). დასაბეჭდად მოხსენების წარდგენის ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2021. 
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს: g.tsereteli150@gmail.com   

Print

« იხ. ყველა სიახლე