ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ინტელექტუალური მიგრაციის ინსტიტუტისა და კროსკულტურული უნივერსუმის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს მიგრაციის საკითხებში თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. მეოცე და ოცდამეერთე საკუნეების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მიგრაციული პროცესები წარმოადგენს. მიგრაცია, როგორც ინდივიდუალური და კოლექტიური აქტი, მრავალ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. მათ შორის უმთავრესი საზღვრებისა და იდენტობის ტრანსლაციის პრობლემებია. მიგრაციული, გლობალიზაციური და ინტერკულტურული პროცესების გაძლიერებამ, ევროპის პოლიტიკური სივრცის გაფართოებამ და სახელმწიფოს კლასიკური მოდელის - „ეროვნული სახელმწიფოს“ (Nationalstaat) - ფარგლებიდან გასვლამ, აგრეთვე პოსტსაბჭოთა სივრცის უახლესმა ტერიტორიულმა კონფლიქტებმა აქტუალური გახადა ეროვნული იდენტობისა და კულტურის პრობლემები.
კონფერენცია ტარდება დიასპორის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში.
კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია და ვორქშოფი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
•მიგრაციული გამოწვევები და ეროვნული იდენტობა
•იდენტობის ტრანსლაციის მექანიზმები: დიასპორული მწერლობა, თარგმანი
•ისტორიული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა
•მიგრაციის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები
17-18 ოქტომბერს გაიმართება ვორქშოფი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: „მიგრაცია და იდენტობათა ტრანსლაციის მექანიზმები“. ვორქშოფის ხელმძღვანელები არიან მეცნიერები და მკვლევრები გერმანიისა და თურქეთის უნივერსიტეტებიდან. ვორქშოფის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
კონფერენციის გახსნა:
15 ოქტომბერი, 10.00 საათი, თსუ პირველი კორპუსი, მელიქიშვილის დარბაზი, აუდიტორია (#115).
ვორქშოფი:
17-18 ოქტომბერი, 10. 00-13. 00 საათი, თსუ პირველი კორპუსი, 212-ე აუდიტორია (სამსუნგის ოთახი)