ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-21

ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "ვინ ვინ არის საერთაშორისო მიგრაციის სამართალში?"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მუსრველებს ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში "ვინ ვინ არის საერთაშორისო მიგრაციის სამართალში?" მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რომელსაც 2001 წლიდან, ყოველწლიურად მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყანა უერთდება, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი საკითხის ირგვლივ აკადემიური დებატის წახალისებისთვის კონფერენციას უმასპინძლებს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მიგრაციის საკითხებზე მომუშავე აკადემიური წრეები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

საქართველოში მიგრაციის მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ისე საქართველოს პოლიტიკური დიალოგის ჭრილში ევროკავშირთან. მიგრაცია მრავალწახნაგოვანი ფენომენია, რომელიც როგორც სამართლის, ისე მრავალი სხვა დარგის სპეციალისტთა ფართო ინტერესს იმსახურებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვისა თუ დადებითი ან უარყოფითი ეკონომიკური გავლენის ჭრილში.

საკითხი განსაკუთრებულ ინტერესს აღვივებს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა დაცვის ჭრილში განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:
•თავშესაფრის ძიებისა და ლტოლვილის სტატუსის სამართლებრივი ასპექტები მიგრაციის სამართლის ჭრილში
•თავშესაფრის მაძიებელი ქალებისა და ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებები
•თავშესაფრის ძიება და ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
•თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემა ევროპის საბჭოს ფარგლებში
•საერთაშორისო მიგრაცია და სახელმწიფოს უსაფრთხოება
•მიგრაციის აქტუალური პრობლემები და ევროკავშირის სტანდარტები
•საქართველო, მიგრაციის მართვა და ვიზალიბერალიზაცია
•თანამედროვე მიგრაციის სამართლისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ურთიერთმიმარება
•იძულებით გადაადგილებულ პირების უფლებები მიგრაციის სამართლის ჭრილში
•მიგრაციის სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის ურთიერთმიმართება
•გენდერი და მიგრაცია

კონფერენციის თემის ანოტაცია (არაუმეტეს 500 სიტყვისა), ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, როლი (მაგ., სტუდენტი (საგანმანათლებლო საფეხური),/ პროფესორი), ან სხვა სამსახურის სახელწოდება (მაგ., სახელმწიფო ფონდი) უნდა გაიგზავნოს მისამართზე:ketevan.khutsishvili-law@tsu.ge არაუგვიანეს 12 ივნისისა.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატი, მოხდება სამი საუკეთესო მომხსენებლის გამოვლენა და დაჯილდოება.

კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 24 ივნისს, 10:00-15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ივანე ჯავახიშვილის (#107) აუდიტორიაში.

                

Print

« იხ. ყველა სიახლე