ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-16

საერთაშორისო კონფერენცია “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“

16-18 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“. კონფერენცია  ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, ევროკავშირის, ასოციაცია Georgia Proeuropa-ს, საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს   ორგანიზებით.

ინტერდისციპლინარული კონფერენცია “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“, მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას ევროპული ღირებულებების  მნიშვნელობას უნივერსალური ფასეულობების ჩამოყალიბებაში, მათ გავრცელებას და  ეროვნული იდენტoბის პრობლემატიკის განხილვას. ამჟამად ეს თემები განსაკუთრებულად აქტუალურია და დემოკრატიისა და მოდერნულობის გზაზე მყოფ საქართველოს  პოლიტიკური აზროვნების დახვეწაში, სახელმწიფოებრიობის  იდეის განვრცობაში და თანამედროვეობის შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოაყალიბებაში შეუწყობს ხელს.

წარმოდგენილი მოხსენებები და მათ ირგვლივ გამართული დებატები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს  საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და მისი მხრიდან მკაფიო პოზიციის გამოკვეთას. მულტიდისციპლინარული მიდგომით განპირობებული კონფერენციის ფორმატი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, წარმოაჩინონ ევროპული ფასეულობების როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში  და  ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები ჩვენი საზოგადოების  ევროპული ღირებულებებისაკენ სწრაფვასა და  ევროპული არჩევანის  მნიშვნელობაზე,  ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გზით.

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

•ევროპის იდენტობა : მისი სოციალური და პოლიტიკური ღირებულებები; ადამიანური ღირსების მნიშვნელობა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების პოლიტიკურ აზროვნებაში, ტოლერანტობა და ქსენოფობია, ჰომოფობია და თავისუფალი სამყარო;
•ფილოსოფია და ადამიანის ღირსება;
•სამართლებრივი სახელმწიფოს  ევროპული მოდელი და  დემოკრატიული ინსტიტუტები. ადამიანის ღირსება და სამართალი ; ადამიანის უფლებების  განვითარება და სამართლის ფილოსოფია;
•ჰუმანიზმი და თანამედროვეობა: ლიტერატურა და კულტურა.  კულტურული ღირებულებები: თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ინტერკულტურული დიალოგი.   კულტურა და რელიგია;
•ევროპული ლიტერატურის როლი ევროპულ ღირებულებათა ჩამოყალიბებაში: განმანათლებლობის ეპოქიდან თანამედროვე დემოკრატიამდე. ამბოხი და ადამიანის ღირსება;
•ლინგვისტური და ლიტერატურული პარადიგმები. კავკასიის ხალხთა ლინგვისტური და კულტურული ასპექტები;
•ეროვნული იდენტობა და ევროპულ ღირებულებათა ჩამოყალიბება. რუსეთის სახელმწიფო და მისი საგარეო პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში;
•ევროკავშირი და ეკონომიკური პოლიტიკა : ევროპული თანამეგობრობა ეკონომიკური მოდერნიზაციის გზაზე. რეფორმები საქართველოში;
•საქართველო, მისი სტრატეგიული ინტერესები და ევროკავშირი;

კონფერენციის მონაწილეებმა სააპლიკაციო ფორმა  და აბსტრაქტები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:
georgie.europe.2014@gmail.com

2014 წლის1  მარტამდე მიიღება მხოლოდ ელექტრონული აპლიკაციები.

კონფერენციის ენა:
o ქართული ;
o ფრანგული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, კონფერენციის გადასახადსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ საიტს:
http://georgie-europe2014.tsu.ge/french_geo/
 
ან  მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:
ი. ჭავჭავაძის 36, თსუ V კორპუსი, რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი 0179
ტელ : +995 593 139 373 ნინო რევაზიშვილი
           +995 593 243 123 ქეთევან ქუსიკაშვილი




Print

« იხ. ყველა სიახლე